მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ლილუაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ადამიანებზე მხოლოდ არჩევნების წინ არ ვიზრუნოთ

6087f5449af29
თელარა გელანტია
27.04.21 15:23
833
გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრ ბექა ლილუაშვილის განცხადებით, თითოეული პარლამენტარისთვის მთავარი პასუხისმგებლობაა, ესმოდეს ხალხის.

ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დასძინა, რომ ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შემოსვლას მიესალმება.

„იმედი მაქვს, რომ მათი ეს ნაბიჯი ემსახურება თითოეულ ადამიანს მათ უკან, მათ მხარდამჭერებს და არ არის მცდელობა რადიკალიზაციის და პოლარიზაციის საპარლამენტო ტრიბუნასთან გადმოტანის. ჩვენი მოქალაქეებისთვის უპირველეს ყოვლისა მთავარია, როგორ გამოვავლენთ ამ პასუხისმგებლობას მათ მიმართ. ეს ადამიანები დღეს წუხან არა პოლიტიკაზე, რასაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, არამედ საკუთარი თავისა და ოჯახის გაჭირვებაზე, სოციალურ პრობლემებზე, გაზრდილ ფასებზე და ჯანმრთელობაზე. ჩვენი პირდაპირი პასუხისმგებლობაა, ვხედავდეთ ამას და ვმუშაობდეთ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე. დღეს არის 27 აპრილი, ეს არის ბოლო თვე, როდესაც ჩვენი მოქალაქეები აიღებენ 200-ლარიან კომპენსაციას სამსახურის დაკარგვის სანაცვლოდ და ეს არ არის 15 000 ადამიანი, ეს არის ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე და ამდენივე ოჯახი მათ უკან.

კომუნალურების სუბსიდირება დასრულდა, ვაქცინაცია გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს, ვხედავთ, როგორია კოვიდის სტატისტიკა, წინ გვაქვს დღესასწაულებთან დაკავშირებული უქმეები - მეტი გაჭირვება, მეტი პრობლემები ჩვენი მოქალაქეებისთვის. რას ვეუბნებით ამ ადამიანებს? ამ ადამიანებისთვის სრულიად უმნიშვნელოა პარლამენტის თავმჯდომარის მოხსნა/დანიშვნისთვის გაჟღერებული რაღაც გაუგებარი ახსნა-განმარტებები.

მე მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, მეტად დაინტერესდეს ამ პრობლემებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მხარდაჭერის ღონისძიებები არ იყო საკმარისი, მაგრამ ეს იყო შეზღუდული რესურსების პირობებში სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა მოქალაქეებზე, ხალხზე. მათთან კავშირი და მათი მინიმალური თანადგომა ამ მძიმე პერიოდში. მომდევნო თვიდან ეს მზრუნველობაც გაქრება და ადამიანები დარჩებიან სრულიად მარტო გაჭირვებასთან.

დღეს ვერც მე, ვერც ჩემი გუნდის სხვა წევრები, და, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები, ვერ ხედავენ რას გეგმავს ხელისუფლება გაჭირვებასთან მარტო დატოვებული ხალხის მხარდასაჭერად. პოლიტიკური კინკლაობის დრო უნდა დასრულდეს, ეს არის გუშინდელი დღე. დღეს საჭიროა საქმიანი დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, რიგითი მოქალაქის მომავალზე - ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი თანმიმდევრული გეგმა - დასაქმების, მედიკამენტების გაზრდილი ფასების, პოსტ-პანდემიური სოციალური მხარდაჭერისთვის, ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, ეკონომიკის აღდგენის გეგმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ადამიანებზე როცა ეს მათ სჭირდებათ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება მათი თანადგომა არჩევნების წინ.