მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ლილუაშვილი: ჯამში, საგადასახადო შეღავათები ეკონომიკისთვის დამაზიანებელია

60ccdc2d8823b
თელარა გელანტია
20.06.21 10:10
2520
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილი ეკონომიკურ მრჩეველი და დღეს უკვე გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთი წევრი ბექა ლილუაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები, რომლითაც გარკვეული სექტორები სარგებლობენ, იმ კონკრეტულ დარგებს აძლიერებს, მაგრამ ჯამში, ეკონომიკისთვის დამაზიანებელია.

საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ გახარიას პრემიერობის დროს დაიწყო და ახლაც გრძელდება საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის დათვლა, რომლის შედეგადაც, არაა გამორიცხული, რიგი საგადასახადო შეღავათები გაუქმდეს, რითიც ბიუჯეტში 2 მლრდ ლარამდე თანხის მობილიზება განიხილება.

„დამატებული ღირებულების გადასახადის შეღავათების ისტორია, რომლითაც სხვადასხვა სექტორი სარგებლობს, 2000-იან წლებში დაიწყო და ის როლი, რომელიც ამ შეღავათებს უნდა შეესრულებინა, ამოწურულია ანუ კონკრეტული სექტორის განვითარების მაჩვენებელი არის იმ ეტაპზე, როცა შეღავათები უკვე კონტრპროდუქტიულ როლს თამაშობს, კლავს კონკურენტუნარიანობას სხვა სექტორებთან მიმართებით და საერთო ჯამში, შეიძლება კონკრეტულ სექტორს გარკვეულ შეღავათს აძლევს და უპირატესობას მატებს, მაგრამ საერთო ჯამში, ეკონომიკისთვის დამაზიანებელია. სწორედ ამ კონკურენციის შემზღუდველი ფაქტორის ჭრილში იყო დანახული დღგ-ის შეღავათები. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამართლიანობას უკავშირდება - როდესაც კონკრეტულ პროდუქციაზე დაწესებულია დღგ-ის შეღავათი, ამ სუბსიდიით სარგებლობს საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, იქნება ეს პენსიონერი თუ მაღალშემოსავლიანი მოქალაქე, რაც სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, არასამართლიანია“, - განმარტავს ბექა ლილუაშილი.

მისივე თქმით, თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ ბიუჯეტს გაუჩნდა 1.9 მლრდ ლარის საგადასახადო შემოსავალი, ეს თანხა მიზნობრივი სოციალური დახმარებებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

„1.9 მლრდ რომ ჩავშალოთ, შედეგობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ 70+ ასაკით პენსიონრებს გაეზრდება პენსია 250 ლარით 600 ლარამდე; ასევე, 70- ასაკით პენსიონრებს - დაახლოებით, 125 ლარით - 400 ლარამდე; გარდა ამისა, ამ თანხით შესაძლებელია ბავშვების სიღარიბის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვის დაწყება და მათი დახმარების 150 ლარამდე გაზრდა და ა.შ. ფაქტობრივად, არაეფექტიანი საგადასახადო შეღავათების გაუქმება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემა მეტ-ნაკლებად გადავჭრათ და მეორე მხრივ, განვახორციელოთ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია სექტორებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებაზე, ხოლო თუ გვსურს, რომელიმე კონკრეტული სექტორის მხარდაჭერა, შესაძლოა, ეს სხვა ინსტრუმენტებით გავაკეთოთ, რომელიც არ ზღუდავს კონკურენტუნარიანობას და ამავდროულად სოციალურად სამართლიანია“, - ამბობს ბექა ლილუაშვილი, რომელიც ასევე დარწმუნებულია, რომ საგადასახადო შეღავათების გადახედვის საკითხს ბოლომდე მიიყვანენ.

ცნობისთვის: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილეც bm.ge-სთან ადასტურებს, რომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესასწავლად ნაბიჯები გადადგმულია და მიმდინარეობს საგადასახადო დანახარჯების დათვლა ანუ რომელი შეღავათი, საბოლოო ჯამში, რა თანხაში ითარგმნება.

„ჯამური თანხა შეიძლება იყოს 2 მლრდ-ზე მეტი, რაც შეღავათებიდან გამომდინარე რჩება ეკონომიკაში, თუმცა ამის დათვლა კიდევ საჭიროებს სრულყოფას; რადგან მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული დათვლა, საჭირო იქნება სერიოზული კვლევის ჩატარება, რაშიც გვეხმარება USAID და სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია, ხოლო ეფექტიანობის შეფასება მოხდება მას მერე, რაც ყველა გადასახადის სახეობაში, შეღავათების ტიპების მიხედვით, გვეცოდინება დანახარჯების ეფექტი“, - ამბობს bm.ge-სთან გიორგი კაკაურიძე.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოსთვის უნდა დაიწყოს, საშუალება ექნებათ, საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობაც შეაფასონ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელი შეღავათი უნდა გაუქმდეს ან დარჩეს, შემდეგ კი მთავარი სიტყვა უკვე პარლამენტს ეკუთვნის.