მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Berkshire Hathaway ენერგოკომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიციას 20%-მდე ზრდის

62f2577fe197a
გიორგი თოლორდავა
09.08.22 19:46
2318
უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგი - Berkshire Hathaway ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ ენერგოკომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიციას თითქმის 390 მილიონი დოლარით ზრდის.

დამატებითი ინვესტირების შედეგად, Berkshire-ის წილი Occidental-ში 20.2%-მდე გაიზარდა და ამჟამად აქტივის ღირებულება $11.5 მილიარდს აღწევს.

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირების ფონზე, მიმდინარე წელს Occidental Petroleum-ის აქციების ღირებულება თითქმის 90%-ითაა გაზრდილი, კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 56 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა - ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $645-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეშვიდე ადგილს იკავებს.

"ომაჰელი ორაკული“ ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ ბაფეტის ქონება $118 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეხუთე ადგილს იკავებს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Berkshire-მა $52 მილიარდის ინვესტიციები განახორციელა, მათი ძირითადი ნაწილი სწორედ ენერგეტიკულ სექტორზეა კონცენტრირებული. ბაფეტის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური ენერგეტიკული ბაზარი მნიშვნელოვნად შეცვალა; ამ სფეროში კი, ინვესტირებისა და პოტენციური მოგების მიღების შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზარდა, რაზეც თავად Berkshire-ის გადაწყვეტილებაც მიუთითებს.

რაც შეეხება თავად Berkshire Hathaway-ს კვარტალურ შედეგებს, მსოფლიოს უმსხვილესმა ჰოლდინგმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უაღრესად არასახარბიელო შედეგები დააფიქსირა - საანგარიშო პერიოდში საინვესტიციო პორტფელიდან მიღებულმა არარეალიზებულმა ზარალმა 53 მილიარდი დოლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ გასული წლის Q2-ში ჰოლდინგი $21.4-მილიარდიან მოგებაზე იყო.

მეორე კვარტალში Berkshire-მა $9.3 მილიარდის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 90%-ით ჩამოუვარდება გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს, ხოლო ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 84%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება შემოსავლებს თითოეულ აქციაზე, EPS-მა Q2-ში მინუს 29,754 დოლარი შეადგინა, რაც აგრეთვე გაცილებით უარესია, ვიდრე ანალიტიკოსების პროგნოზი (-$4,079).

მიუხედავად საინვესტიციო პორტფელიდან მიღებული ზარალისა, თავად ჰოლდინგმა $9.3 მილიარდის საოპერაციო მოგების მიღება შეძლო, რაც $2.4 მილიარდით აღემატება პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგები საფონდო ბირჟების დაღმასვლასთან და იმ კომპანიების აქციების შემცირებასთანაა დაკავშირებული, რომელთაც Berkshire Hathaway ფლობს. მოგეხსენებათ, თავად ჰოლდინგი პროდუქციას არ აწარმოებს, მისი შემოსავლის ძირითადი წყარო კი საინვესტიციო პორტფელთანაა დაკავშირებული.



საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.