27.იანვარი .2020 11:40

"ბევრ კლინიკაში ხელფასები 20%-30%-ით შემცირდა" - ალექსანდრე ალადაშვილი 520-ე დადგენილების ეფექტზე

views 1039
უკან

კლინიკების ხელმძღვანელები იძულებული არიან შტატების ოპტიმიზაცია განახორციელონ, - ამის შესახებ bm.ge-ის ჩაფიძის გულის ცენტრის ინტერვენციული მედიცინისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ალადაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე -  თავად ჩაფიძის კლინიკის თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირეს თუ არა ან მოხდა თუ არა კადრების ოპტიმიზაცია, ალადაშვილი კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს: "ჩვენზე ვერ გეტყვით, ზოგადად, ყველას შეეხო".

"ტარიფები (იგულისხმება მთავრობის 520-ე დადგენილებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშ ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება) არის არარეალურად დაბალი. კლინიკების ხელმძღვანელები იძულებულები არიან, განახორციელონ შტატების ოპტიმიზაცია, შემცირება და მე როგორც ვიცი, ბევრ კლინიკაში ხელფასების 20%-30%-იანი შემცირება მოხდა. ჩვენზე ვერ გეტყვით, ზოგადად გეტყვით, რომ შემცირდა", - ამბობს ალადაშვილი.

მისი შეფასებით, 520-ე დადგენილების მიღების პირველადი შედეგი არის ის, რომ ტარიფები შემცირდა და მთელი სამედიცინო სექტორი არის უკმაყოფილო, ხარისხი კი, ამით არ გაუმჯობესდება.

რაც შეეხება აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილი საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს მუშაობას, ალადაშვილი განმარტავს, რომ, ჯერჯერობით, კონკრეტული შედეგი არ არსებობს.

"იყო შეხვედრები, დაიგეგმა რაღაცეები, თუმცა კონკრეტული არაფერი. დაიგეგმა, რომ უნდა შემოსულიყო სტანდარტები. მთავარია, რომ ვიდრე ტარიფს დაიანგარიშებ, უნდა შექმნა სტანდარტი, პროცედურა, როგორ კეთდება ოპერაცია, რა მასალებია საჭირო, რამდენი მედიკამენტია საჭირო და მერე უნდა მოხდეს განფასება. ეს არ არსებობს საქართველოში და ტარიფებია მოტანილი, აი, ასე. ლაპარაკი არის, რომ უნდა ჩამოყალიბდეს სტანდარტები, თუმცა ჯერჯერობით, მე ვერ დავინახე", - ამბობს ალადაშვილი.