მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრ კომპანიას შრომის უსაფრთხოების სტანდარტები ჯერ კიდევ არ აქვს დანერგილი “ - HSS

6101339d4a0cc
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.21 17:30
1309
შრომის უსაფრთხოების სტანდარტები თანამედროვე გარემოში არამხოლოდ საშიშპირობებიან სამუშაოებზე, არამედ საოფისე გარემოში უსაფრთხოების ნორმების დაცვას გულისხმობს. ბოლო პერიოდში ეს მიმართულება სხვადასხვა სახის კომპანიისთვის აქტუალური გახდა. შრომის უსაფრთხოების კომპანიის Health & Safety Solutions დირექტორი გიორგი შიუკაშვილი სხვადასხვა კომპანიაში უსაფრთხოების წესების დაცვის და თანამშრომელთა ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

- რას გულისხმობს შრომის უსაფრთხოება და რომელ კომპანიებს აქვთ ვალდებულება დაიცვან ის?

შრომის უსაფრთხოება თავის თავში მოიაზრებს დასაქმებულთა უფლებას, უზრუნველყოფილნი იყვნენ მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი. 2019 წლის 1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების კანონი ამოქმედდა და ის ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში. დადგენილი წესების მონიტორინგს ახორციელებს შრომის ინსპექცია, რომელსაც აქვს უფლება წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ნებისმიერი სამუშაო სივრცე და დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება. დადგენილი წესები ავალდებულებს საქართველოში მოქმედ ყველა ბიზნეს სუბიექტს გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა უსაფრთხოება კანონდმებლობასთან შესაბამისობაში იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საშიშროება მიიღოს გაფრთხილება და შემდგომი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისროს ფულადი ჯარიმა.

- რამდენად იცავენ დღეს კომპანიები შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით დღეს საქართველოს მასშტაბით 160,000-მდე აქტიურად მოქმედი ბიზნესია დარეგისტრირებული. თავდაპირველად, ვხვდებოდით კომპანიებს, რომელთათვისაც კანონი გახდა ის ფაქტორი, რამაც აიძულათ უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა. დროთა განმავლობაში, როდესაც გაეცნენ უსაფრთხოების სპეციფიკას, რისკებსა და ნეგატიური შედეგის არიდების გზებს, მათ თავად მოინდომეს რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება. თუმცა, დღეს ვხედავთ რომ ჯერ კიდევ ბევრ კომპანიას არ აქვს დანერგილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტები ან ჰგონიათ რომ ეს მხოლოდ ისეთ კომპანიებს სჭირდებათ, სადაც ადამიანის დაზიანების მაღალი რისკია. განსაკუთრებით საყურადღებოა დარგები, სადაც სამუშაო გარემო სახიფათო პირობებთან არის დაკავშირებული, როგორიც შეიძლება იყოს ქარხანა, მაღარო და ა.შ. ადამინის სიცოცხლე ყველაზე ფასეულია და ის არ უნდა დაზარალდეს ან შეეწიროს სამუშაოს.

- რას გულისხმობს შრომის უსაფრთხოების დაცვა, მაგალითად ოფისში, სადაც ერთი შეხედვით სულაც არაფერია სახიფათო?

საინტერესო შეკითხვაა, ხშირად გაურკვეველია ადამიანებისთვის, რომლებიც კარგად არ არიან ჩახედული ამ დარგში, თუ რა საფრთხე შეიძლება იყოს ჩვეულებრივ ოფისში, სადაც, ერთი შეხედვით, არაფერია სახიფათო. როგორც ავღნიშნე, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამართულობა სავალდებულოა ყველა ბიზნეს ობიექტისათვის. ოფისის შემთხვევაში ყურადსაღებია ის რომ, ყველა თანამშრომელს გავლილი ჰქონდეს საგანგებო სიტუაციაში მოქმედების ტრენინგი და იცოდეს სამოქმედო გეგმა, ოფისში უნდა იყოს დამონტაჟებული ცეცხლმაქრები და შენობის რუკა შესაბამის ადგილებში, კომპანიას მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს დოკუმენტაცია და ა.შ. როდესაც თანამშრომელთა უსაფრთხოების საკითხებში დეტალურად ჩაიხედავთ, აღმოაჩენთ რომ პოტენციურად ბევრი ნეგატიური შედეგის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.