მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრი ახალი იდეა ჩნდება, ბევრი შეჩერებული პროექტი ახლდება“ - გოგა თხელიძე ეკონომიკის გამოცოცხლებაზე

60cda856bb83f
თამთა ჯიჯავაძე
19.06.21 13:28
1024
აპრილი იყო პოზიტიური შოკი, იმდენად კარგი ციფრები დაფიქსირდა, - ამის შესახებ გადაცემა BMGDRIVE-ში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძემ ეკონომიკურ ზრდასა და მოლოდინებზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, მაისშიც პოზიტიური ციფრებია, შესაძლებელია, ეს არ იყოს ისეთი დიდი ზრდა, როგორიც აპრილში, მაგრამ პოზიტიური დინამიკა როგორც 2019 წელთან, ასევე, რა თქმა უნდა, 2020 წელთან შედარებით, საგრძნობია.

კითხვაზე, რა როლი აქვს ბანკს ეკონომიკური აღდგენის პროცესში, გოგა თხელიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესების დაფინანსება.

„მაისის პერიოდს წინა სამი თვის პერიოდთან ვერ შეადარებ, ძალიან ბევრი ახალი იდეა ჩნდება, ბევრი შეჩერებული პროექტი ახლდება, ვფიქრობთ, რომ ჩვენი როლი იქნება სისწრაფეში, ასევე სიმარჯვეში...

კრიზისმა ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია ბანკებზეც, მაგრამ ჩვენი პოზიციები ახლა მნიშვნელოვნადაა მზად იმისთვის, რომ აქტიურ ზრდას ხელი შევუწყოთ, როგორც ბანკების კაპიტალიზაციის, ასევე ლიკვიდობის და განწყობის კუთხითაც. მომდევნო ორი თვე იქნება გადამწვეტი დაკვირვებების კუთხით, რომ ჩვენ სწორად განვსაზღვროთ 12-დან 24 თვეში რა ტიპის ზრდა უნდა გვქონდეს. ჩვენი წინასწარი დაკვირვებით, სწრაფი აღდგენა იქნება“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

გოგა თხელიძემ ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მისი ვარაუდით, ზრდა მინიმუმ 7%-იანი იქნება, რაც ორი თვის წინანდელ პროგნოზებთან შედარებით 30%-ითაა გაუმჯობესებული.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 6.5%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო მსოფლიო ბანკის პროგნოზით - 6%-ით.