მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი ინვესტორი ჩინეთში საქმიანობაზე უარს იტყვის, აქ საქართველოს კარგი შანსები აქვს - EBRD

5e9ad49237fdf
BM.GE
18.04.20 14:17
5791
"საქართველოს ძალიან კარგი ისტორია აქვს, როგორც რეფორმების გატარების, ისე მიმზიდველობის კუთხით. ეს კურსი უნდა გაგრძელდეს", - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა გადაცემში "ანალიტიკა", ელენე კვანჭილაშვილთან საუბრისას განაცხადა.

მან იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რაც საქართველოს მთავრობამ და კერძო სექტორმა პანდემიიდან თავის დასაღწევად უნდა გაითვალისწინოს.

"ვფიქრობ, ძალიან ბევრი საერთაშორისო ინვესტორი უკვე უარს იტყვის ჩინეთში საქმიანობაზე და მოძებნის სხვა ადგილებს ამ ინვესტიციებისთვის და აქ საქართველოს კარგი შანსები აქვს. ამდენად ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმირება და მსოფლიოსაც გააგებინოს ამის შესახებ.

რაც შეეხება კერძო სექტორს, აუცილებელია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისთვის უზრუნველყოფილი იყოს ლიკვიდურობა, რომ მათ გადალახონ ეს გამოწვევები და სირთულეები. ადგილობრივ ბანკებთან ამ თემაზე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ", - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

მან ასევე იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც კოვიდ-19 საქართველოს და გლობალურ ეკონომიკას მოუტანს.

"მიმაჩნია, რომ მსოფლიო შეიცვლება. ჯერ ერთი მიწოდების ჯაჭვები დიდ ტრანსფორმაციას განიცდის - საკვების კუთხით და ენერგომოთხოვნების კუთხით დამოუკიდებლობას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება. აქვე შეგვიძლია ალბათ მოვიაზროთ მედიკამენტები და სამედიცინო სექტორის მდგრადობაც.

საქართველო ამ დრომდე ძალიან წარმატებით ართმევს თავს ამ გამოწვევებს. კომპანიებმა თავიანთი რესურსები მომართეს საკვების წარმოებაზე, სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებაზე - ანუ პირველივე რეაქცია ამ გამოწვევაზე კერძო სექტორის მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

ეკონომიკის გაციფრულებაც ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება. მეტი დატვირთვა მოვა ელექტრონულ კომერციაზე. ვფიქრობ, ენერგეტიკის სექტორიც შეიცვლება - ნაწილობრივ გაცვლითი კურსის მერყეობის გავლენითაც ჩანს, რომ ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება ამ ახალ მსოფლიოში. ეს საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილიც არის და სრულიად გამართლებულადაც. მეტი ყურდღება მიექცევა განახლებული ენერგიის წყაროების განვითარებას და აქაც, ჩვენ სიამოვნებით გავწევთ მხარდამჭერის როლს", - განაცხადა EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა.