მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრი რამ ეწირება პოლიტიკურ ინტერესებს“ - თამაზ დაუშვილის მოლოდინები

61cedb87d73ab
ინგა მურუსიძე
31.12.21 21:30
769
პანდემიური მეორე წელი დასრულდა და ბიზნესი 2022 წლისთვის მზადებას იწყებს. კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი და თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი bm.ge-ს პლატფორმიდან პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს და კერძო სექტორის თვალით დანახულ პრობლემებზე საუბრობს. 

„პოზიტიური და ოპტიმისტური მოლოდინები 2022 წელს ნაკლებად მაქვს, თუმცა სურვილი ნამდვილად დიდია. მთავარია, ქვეყანაში პოლიტიკური მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანა არის მთავარი საკითხი და უნდა გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.

გარდა ამისა, ბიზნესმენის შეფასებით, ქვეყანაში ბიზნეს-გარემო არასასურველია და ეს სრულად პოლიტიკური ინტერესების გამო არსებული არასტაბილური გარემოს დამსახურებაა.

„ჩვენ გვექნებოდა კიდევ უფრო უკეთესი წელი, შეიძლებოდა ყოფილიყო 15%-იანი ეკონომიკური ზრდაც, რომ არა ასეთი ცუდი ბიზნეს-გარემო, რომელიც შექმნილია არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო. ბევრი რამ ეწირება პოლიტიკურ ინტერესებს და ხელისუფლების შენარჩუნების სურვილს, რაც შეიძლება ყველას ჰქონდეს, თუმცა არ შეიძლება, რომ მიზანმა გაამართლოს საშუალებები და საბოლოო ჯამში, ეკონომიკა დაზარალდა იმ კუთხით, რომ ინვესტიციები არ შემოვიდა.
ინვესტიციები რომ საკმარისი მოცულობით შემოსულიყო, შეიძლებოდა მსოფლიოში პირველ ადგილას გავსულიყავით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს არის გასათვალისწინებელი, რომ დამშვიდების და თვითკმაყოფილების დრო არ არის.

10%-იანი ზრდა ნიშნავს იმას, რომ 2019 წელთან შედარებით ჩვენ გავიზარდეთ 2.5%-ით და ეს კარგი არ არის. გასაგებია პანდემიაა, თუმცა პოლიტიკურ ინტერესებს ყველაფერი არ უნდა შეეწიროს. თუ არ განვვითარდით, გავაგრძელებთ ერთ პოზიციაზე ყოფნას, მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაუმჯობესდება და ასე გაილევა დრო“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.