მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი სწავლობს სამართალს და დიპლომატიას, მაგრამ ინჟინრები და IT სპეციალისტებიც გვჭირდება - ჰანსენი

61c1b0ba9bc57
შოთა ტყეშელაშვილი
21.12.21 15:00
1418
“ძალიან კარგია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სწავლობს სამართალს ან საერთაშორისო ურთიერთობებს, მაგრამ ჩვენ ასევე ინჟინრები და IT სფეროს სპეციალისტები გვჭირდება, გვჭირდება სამედიცინო სფეროს კადრებიც და ასე შემდეგ", - აცხადებს EBRD-ის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ-ჰანსენი.

The Checkpoints-თან ინტერვიუში ჰანსენმა ქვეყანაში სამუშაო უნარების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავლის ეკონომიკის მშენებლობისთვის, საქართველოს მეტი საინჟინრო და ტექნიკური დარგის პროფესიონალი დასჭირდება.

“მე ვიცი, რომ როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ჩვენი პარტნიორი დონორების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ხელი შეუწყონ სამუშაო უნარების განვითარებას. გვჭირდება მეტი ინჟინერი, სოფლის მეურნეობის ტექნიკური ინჟინერი, მაგალითად, რძის წარმოების პროფესიონალი ან მეტი ტექნიკური პერსონალი - მთლიანობაში, ის რაც კომპანიებს დასჭირდებათ, რათა მომავალში ახალ სტანდარტებზე გადავიდნენ. ჩვენ გვსურს, რომ ვიხილოთ, რომ ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტებში იღებენ განათლებას, ეს არის ის განათლება, რაც მომავალში იქნება მოთხოვნადი. მაგალითად, IT ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო, რომელიც მხოლოდ იზრდება. რაც უფრო მეტს გააკეთებს საქართველო ამ მიმართულებით, მით უკეთესი იქნება,” - აცხადებს კატარინა ბიორლინ-ჰანსენი.

ამ საკითხის სიმწვავეზე არის საუბარი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და EBRD-ის მიერ მომზადებულ ერთობლივ დოკუმენტშიც, სადაც ხაზგასმულია, რომ “მზარდია სამუშაო ძალის უნარების აცდენა ბიზნესის საჭირობებთან მიმართებით.”

“სამუშაო ძალის უნარების გასავითარებლად, ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს განათლების სისტემაში არსებულ სისუსტეებს. უნდა გაძლიერდეს ტექნიკური და IT განათლების და პროფესიული გადამზადების სისტემები. საქართველოში პროდუქტიულობის ზრდისთვის ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება იყოს მიქცეული მოქალაქეთა ფართო ფენების ეკონომიკური ჩართულობის საკითხების მიმართ, მათ შორის გენდერული თვალსაზრისით, არსებულ არათანაბარ მდგომარეობასა და რეგიონული თვალსაზრისით არსებულ განსხვავებებს.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უნარებში არსებულ ჩამორჩენას შეუძლია ხელი შეუშალოს ციფრული ეკონომიკის პირობებში ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობებს,” - ნათქვამია დოკუმენტში.

კვლევის ავტორები საუბრობენ განათლების რეფორმაზეც, რომელიც 2019 წელს დაანონსდა და რომლის ფარგლებშიც 2022 წლიდან მშპ-ის არანაკლებ 6% განათლებაში უნდა ჩადებულიყო, თუმცა ეს რეფორმა სამთავრობო ცვლილებების და პანდემიის ფონზე, აღარ განხორციელდა და თაროზე შემოიდო.