22.აპრილი .2021 12:24

ბევრი ვიზიტორი საქართველოში მოგზაურობისგან თავს კომენდანტის საათის გამო იკავებს - ალავერდაშვილი

ბევრი ვიზიტორი საქართველოში მოგზაურობისგან თავს კომენდანტის საათის გამო იკავებს - ალავერდაშვილი
views 525
უკან

დღეს საქართველოში მოქმედმა 12-მა ბიზნესასოციაციამ პრემიერს შეხვედრის მოთხოვნით მიმართა და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა.

როგორც ასოციაციების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი მცირედით, მაგრამ გამოცოცხლებას იწყებს, ბევრი ვიზიტორი საქართველოში მოგზაურობისგან თავს მხოლოდდამხოლოდ კომენდანტის საათის გამო იკავებს, შესაბამისად, ტურიზმის ინდუსტრია სხვა ბიზნესებთან ერთად კომენდანტის საათის გაუქმებას და სახმელეთო საზღვრის გახსნას ითხოვს.

„დღევანდელი მდგომარეობით, ტურიზმმა თანდათანობით გამოცოცხლება დაიწყო და მინიმალური რაოდენობის ტურისტები ქვეყანაში შემოდიან. თუმცა ჯავშნების გაკეთებისას ყველა კითხულობს, რა ხდება ქვეყანაში... როდესაც ვეუბნებით, რომ 9 საათზე გარეთ გადაადგილების უფლება არ აქვთ, ძალიან ბევრი ტურისტი უარს ამბობს ქვეყანაში ჩამოსვლაზე. კომენდანტის საათის მოხსნას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გუშინ გვყავდა ჯგუფი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საქართველოში მოგზაურობდა და წარმოიდგინეთ, საღამოს ვახშმის შემდეგ ვეუბნებით, რომ მთელი დღე კი ერთად იყავით, მაგრამ ახლა 9 საათი ხდება და ყველანი თქვენს ოთახებს უნდა დაუბრუნდეთ. როგორ გგონიათ, რამდენად სასიამოვნოა, როდესაც ტურისტს ეუბნები, რომ 9 საათის შემდეგ მათ ბარში და საერთო სივრცეებში გაჩერება არ შეუძლიათ და უნდა დაიძინონ?! ჩვენთვის ძალიან რთულია ამ რეგულაციების ტურისტებისთვის ახსნა“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი მთავრობას კომენდანტის საათის მოხსნის პარალელურად სთავაზობს, საერთო სივრცეებში ყოფნის ახალი წესების შემუშავებასაც.

„რეკომენდაცია გვექნება შევიმუშაოთ შიდა სივრცეში მოქმედების წესები - როგორ ვმოქმედებთ და რას ვაკეთებთ? პირველ რიგში, უნდა მოიხსნას კომენდანტის საათი და გაიხსნას სახმელეთო საზღვრები. არ უნდა დავკარგოთ ე.წ. მაისის დასვენებები, რაც პოსტსაბჭოთა სივრცის ტურისტებს საქართველოში შემოიყვანდა. უნდა ვიფიქროთ, როგორ ავამუშაოთ ტურისტული სექტორი“, - განმარტა ალავერდაშვილმა.