მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი კომერციული ბანკების ლიცენზირების, ადმინისტრატორთა და აქციონერთა შესაფერისობის განახლებული მოთხოვნების შესახებ კანონქვემდებარე აქტების პროექტებს აქვეყნებს

63485f4a8d2cf
BM.GE
13.10.22 22:55
519
სებ-ი კომერციული ბანკების ლიცენზირების, ადმინისტრატორთა და აქციონერთა შესაფერისობის განახლებული მოთხოვნების შესახებ კანონქვემდებარე აქტების პროექტებს აქვეყნებს.

საქმე ისაა, რომ კომერციული ბანკების ლიცენზირებასთან, ადმინისტრატორთა და აქციონერთა შესაბამისობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში 2022 წლის სექტემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დაიხვეწა და ევროკავშირში მოქმედ საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობისა და პრუდენციული რეგულირების შესახებ დირექტივასთან (CRD) სრულ შესაბამისობაში მოვიდა.

საქართველოს კანონმდებლობის აღნიშნულ დირექტივასთან შესაბამისობა, როგორც ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) საქართველოს გაწევრიანების, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ცვლილებები კი 2022 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.

შემდგომი ეტაპია საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების შეტანა, განახლებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რისთვისაც საქართველოს ეროვნულ ბანკს ვადა 2022 წლის 1 ნოემბრამდე განესაზღვრა.

სწორედ ამ ვალდებულების შესრულებისა და კანონქვემდებარე აქტების დახვეწის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკების ლიცენზირებისა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ განახლებული წესების, ხოლო მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ახალი დებულების დამტკიცებას გეგმავს და საკონსულტაციოდ სექტორს შესაბამის პროექტებს სთავაზობს. აღნიშნული, დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს თავიანთი მოსაზრება და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს.

კანონქვემდებარე აქტების პროექტებში გათვალისწინებული საკითხები, ეფუძნება CRD-დირექტივასა და ევროპის საბანკო უწყებისა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების უწყების ერთობლივ სახელმძღვანელოებს "მნიშვნელოვანი წილის შეძენის პრუდენციული შეფასებისა" და "ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასების შესახებ" აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, დირექტივით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს აქამდეც ითვალისწინებდა, თუმცა, ცვლილების შედეგად, როგორც კანონი, ასევე კანონქვემდებარე აქტები დირექტივასა და ევროპის საბანკო უწყების მიერ განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისი იქნება. ეს კი თავის მხრივ, მოთხოვნების დახვეწასა და შეფასების პროცესში მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ცვლილებების საჭიროების ანალიზისა და იდენტიფიცირების პროცესში ეროვნულ ბანკს ექსპერტულ დახმარებას პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) ექსპერტები უწევდნენ, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - "ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“ (TWINNING) - ფარგლებში.

კანონქვემდებარე აქტების ცვლილების პროექტები საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია policy@nbg.gov.ge - ზე 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.