მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში IMF-ის ტექნიკურ მისიასთან შეხვედრა გაიმართა

63f34dad46727
BM.GE
20.02.23 14:40
620
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდისა და წევრი საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლების საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან შეხვედრის მიზანს, ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ხედვის გაცნობა წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო, ადმინისტრირებისა და აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით გატარებული საკანონმდებლო და პრაქტიკულ რეფორმებს და მოხდა მათი ეფექტიანობის შეფასება ყოველდღიურ ბიზნესსაქმიანობასთან მიმართებით.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებული რეფორმები, კერძოდ საგადასახადო ორგანოში შექმნილი მსხვილ გადამხდელთა სამმართველო, დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, საუბარი ასევე შეეხო, წინასწარ და საჯარო გადაწყვეტილებებს, სიტუაციურ სახელმძღვანელოებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელზეც სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ბიზნესმა და შემოსავლების სამსახურმა ერთობლივად იმუშავეს.

შეხვედრაზე BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს რამდენიმე მოსაზრება შემოსავლების სამსახურის გარკვეული პროცედურების კიდევ მეტად დახვეწისთვის, რომელიც მიმართულია შემოწმების პროცესში ერთიანი პრაქტიკული მიდგომების ჩამოყალიბებისკენ. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, სასურველია დაინერგოს „კეთილსინდისიერი“ გადამხდელის ცნების გამოყენება თავად შემოწმების პროცესში, ასევე უმჯობესია შემოსავლების სამსახურის მხრიდან შეიზღუდოს ბიზნესის მიერ მოგებული სასამართლო დავების სხვადასხვა ინსტანციაში გასაჩივრება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიის წარმომადგენლებს გავაცანით ბიზნეს ასოციაციის მოსაზრებები საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. BAG საკმაოდ ეფექტიანად თანამშრომლობს საქართველოს შემოსავლების სამსახურთან და მიგვაჩნია, რომ ასეთი თანამშრომლობა და კონსულტაციები მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის. თავის მხრივ, აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებული პროცედურების დახვეწისკენ მიმართული ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამები ასევე უნდა ითვალისწინებდეს ბიზნესის მოსაზრებებს“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.