მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბალტიისპირა ქვეყნები, აშშ, პოლონეთი - „კერკი“ ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობს

637e0c9411d7b
თინათინ ნატმელაძე
23.11.22 17:35
766
„კერკის“ მიერ წარმოებული ქართული ჩირი, ცუკატები, ტყლაპი და ჩურჩხელა ბალტიისპირა ქვეყნებში იყიდება. ქართული პროდუქტის მწარმოებელი კომპანია აჭარაში, ქედით რაიონში 2021 წელს ამოქმედდა და დღეს ადგილობრივ ბაზართან ერთად, პროდუქტი უკვე ექსპორტზეც გადის. ექსპორტის განვითარების შესახებ BM.GE-სთან კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ნინო რესულიძემ ისაუბრა.

„პროდუქცია უკვე ბალტიისპირეთშია, ორჯერ გავიტანეთ - პირველად სატესტოდ და შემდეგ უკვე დიდი რაოდენობით, სამ ძირითად ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი: ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, სადაც საკმაოდ კარგად ვპოზიციონირებთ“, - ამბობს, რესულიძე და დასძენს, რომ „კერკის“ სამომავლო გეგმა საექსპორტო ბაზრის გაფართოებაა, რა მიზნითაც მოლაპარაკებები პოლონეთთან მიმდინარეობს, სატესტო პარტიები კი აშშ-შიც გაიგზავნა.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი განმარტავს, რომ ექსპორტზე გასვლა საკმაოდ კომპლექსური და რთული პროცესი იყო, თუმცა „კერკიმ“ ეს USAID-ისა და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით საერთაშორისო გამოფენებზე მოხვედრით შეძლო.

„ექსპორტზე გასვლა რთული და მრავალმხრივი პროცესია, თუმცა ამისთვის საუკეთესო საშუალება საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა იყო, რომელსაც სრულად USAID-ისა და "აწარმოე საქართველოს" სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები აფინანსებდნენ. ბოლოს სექტემბერში, რიგის ფესტივალზე ვიყავით, სადაც ადამიანები მოდიოდნენ, აგემოვნებდნენ ჩვენს პროდუქციას და ამან საკმაოდ კარგი კონტაქტები შეგვძინა, რადგან პირდაპირი შეხვედრის გარეშე, მხოლოდ მარკეტინგული კამპანიებით ექსპორტზე გასვლა თითქმის შეუძლებელია. ამასთან ერთად ქართული კომპანიების ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვებზეც ვმონაწილეობთ, რაც პროდუქტის რეალიზების ძალიან კარგი შესაძლებლობაა“, - ამბობს რესულიძე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე, დღეს „კერკი“ „გუდვილში“, „ევროპროდუქტში“, მაგისტრალებზე მდებარე სუპერმარკეტებში - „ვეიმარტსა“ და „სმარტში“, ასევე, პატარა ბუტიკმაღაზიებშიცაა წარმოდგენილი. „კერკის“ სხვადასხვა დასახელების პროდუქტის ღირებულება 3-დან 18 ლარამდეა, თუმცა ნინო რესულიძის თქმით, ქსელურ მარკეტებს განსხვავებული ფასნამატი აქვთ, ამიტომ ობიექტებში მისი საფასური ცვალებადია.

ნინო რესულიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ კომპანიაში ძირითადად 30 ადამიანია დასაქმებული, სეზონის პერიოდში კი მათი რაოდენობა 50-მდე იზრდება. დასაქმებულთა სრული უმრავლესობა ადგილობრივები არიან.

ცნობისთვის: „კერკი“ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. პროექტში USAID-ის, „აწარმოე საქართველოში“, TBC-ის, ევროკავშირის პროგრამის, RDA და აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს თანამონაწილეობით 700 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. კომპანია წლიურად 70 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს.