მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშშ ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს" - დავითაშვილი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

61ac7eb6c36ed
BM.GE
05.12.21 15:40
566
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ექსპორტის პოტენციალის და პოპულარიზაციის საკითხი განიხილეს.

შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ამერიკული კომპანიის „Silk Road Wines” დამფუძნებელი იანიკ არაკელოვი ესწრებოდნენ.

ამერიკული კომპანიის „Emerald Vines Media” პრეზიდენტმა, ესმერალდა სტრუიკმა პრეზენტაცია წარადგინა, რომელშიც ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები და მიზნები იყო განხილული.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიის წარმომადგენლებს ქართული ღვინით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტრომ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ქართული ღვინის მწარმოებლებთან აქტიური თანამშრომლობით, შეძლო, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი, კონკურენტუნარიანობა და ცნობადობა გაზრდილიყო.

„ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას უკეთებს დეგუსტაციებს, კონკურსებს, საერთაშორისო ღვინის კონფერენციებს, გამოფენების და მედიატურების ჩატარებას, რათა ქართული ღვინის სექტორის განვითარებას შეუწყოს ხელი. ქართული ღვინის ექსპორტი და მასზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კომუნიკაციას და თანამშრომლობას ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.