მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის კურსდამთავრებულების წლიური შემოსავალი 12-15 ათასი ლარია“ - შოთა ბერეკაშვილი

60c4a7074731f
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.21 23:00
3262
„ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალმა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2"-მა ამოქმედებიდან დღემდე 350 პირი გადაამზადა. ამის შესახებ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა შოთა ბერეკაშვილმა Forbes Talks-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან სახელმწიფოსთან ერთად შექმნილ კოლეჯში, პროფესიული სწავლების სისტემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კოლეჯის კურსდამთავრებულები არამხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს მიღმაც საქმდებიან.

„დღეისთვის სამშენებლო კოლეჯმა 350 სპეციალისტის დაატრენინგება და სამშენებლო პროცესში ინტეგრაცია შეძლო. შარშანდელი წელი პანდემიის გამო რთული იყო და მხოლოდ 50-მდე სპეციალისტის გადავამზადეთ, თუმცა წელს დავიგეგმეთ და პირველი ჯგუფის სწავლება უკვე დაწყებულია. ჩვენს სამშენებლო მოედნებზე მათ ინტეგრაციას ივლისის ბოლოს ველით.

ეს ადამიანები, პირველ რიგში, პროფესიულ განათლებას იღებენ. ჩვენ 11 სხვადასხვა სახის სპეციალიზირებული პროგრამა გვაქვს, რომელიც 6-თვიანია და 2 ნაწილისგან შედგება. ერთი - თეორიული სწავლებაა, რომელიც კოლეჯში მიმდინარეობს და მეორე - 3 თვე პრაქტიკული სწავლებაა, რასაც ჩვენს სამშენებლო მოედანზე გადიან, რომლის დროსაც სტუდენტებს 600-ლარიან სტიპენდიებს ვუხდით. როდესაც ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან დამოუკიდებელი საწარმოო პროცესისთვის, ამის შემდეგ მათ "ბიქეი ქონსთრაქშენის" სამშენებლო ობიექტებზე ვასაქმებთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კომპანიის მმართველი პარტნიორების ინფორმაციით, კოლეჯის საოპერაციო ხარჯების 90%-ს სახელმწიფო აფინანსებს. „ეს არის პლატფორმა იმისთვის, რომ არამარტო მომზადდეს კადრი, არამედ ვთავაზობთ გარანტირებულ დასაქმებას ჩვენსავე კომპანიაში, სადაც საშუალო თვიური ანაზღაურება 1 500-დან 2000 ლარამდე მერყეობს“, - აღნიშნა ირაკლი ბურდილაძემ.

„ამასთან ჩვენთან სწავლა სტიპენდიით ხდება და სწავლების ხარჯებს კომპანია აფინანსებს. ასევე არის სტიპენდია პრაქტიკული სწავლების დროს და შემდეგ გარანტირებული ერთწლიანი სამუშაო ადგილი, რომელიც დასაქმებულს წლიურად 12-დან 15 ათას ლარამდე შემოსავალს აძლევს. ჩვენ ამ კადრებს ბაზრისთვის ვამზადებთ, მათი დიდი ნაწილი ჩვენთან საქმდება და რაღაც პერიოდის შემდეგ გადადიან სხვა კომპანიებში, მათ შორის აგრძელებენ საქმიანობას საზღვარგარეთ“, - განავრცო თემა შოთა ბერეკაშვილმა.