მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს ბერმუდაზე, სინგაპურსა და ზელანდიაშიც უჩივის

5dd5407b616f6
შოთა ტყეშელაშვილი
20.11.19 18:00
2006
“რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ” - საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-თან შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის მიერ მისი მრავალმილიონიანი დეპოზიტის გაფლანგვის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა.

სტატიიდან ირკვევა, რომ საქმეზე ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს არაერთ იურისდიქციაში, კერძოდ კი ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და ახალ ზელანდიაშიც დავობს ბანკის წინააღმდეგ. ივანიშვილის შეფასებით, Credit Suisse-ის აღნიშნული ფილიალები ჩართული იყვნენ საქმეში, რომელმაც მას $100 მილიონზე მეტი დააკარგინა.

2018 წელს ჟენევის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მილიარდერების, მათ შორის ვიტალი მალკინის - ყოფილ პირად ბანკირს, პატრის ლესკაუდრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო პატიმრობა მიუსაჯა. ჟენევის სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მისი კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეფულა. ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკში დაახლოებით $800 მილიონის ქონება ჰქონდა შენახული. 

სასამართლო პროცესებში Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ დაკავებული პირადი ბანკირია. 

აღნიშნულის არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც Bloomberg-თან ამბობს, რომ შეუძლებელია ეს პროცესი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო. 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, იმავე მაგიდასთან, რომელთანაც ის Bloomberg-ის ჟურნალისტებს ესაუბრება, წლების წინ, იქ Credit Suisse-ის წარმომადგენლები ისხდნენ და მას გაყალბებულ ფინანსურ ანგარიშებს აჩვენებდნენ. ამით ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი პირადი ბანკირი დამოუკიდებლად არ მოქმედებდა. 

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრები 2015 წელს შედგა, როდესაც ლესკაუდრონი სამ ბანკირთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში და ივანიშვილს მისი დეპოზიტებისა და საინვესტიციო დაბანდებების შესახებ მცდარი ინფორმაცია წარუდგინა. 

“ასეთი თაღლითობა არც 1990-იანების ველურ რუსეთში და არც საქართველოს საბანკო სფეროში არ მინახავს,”- დასძენს ივანიშვილი. 

პატრის ლესკაუდრონი Credit Suisse-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკირი იყო. ის 1990-იანი წლების განმავლობაში შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია Yves Rocher-ის მოსკოვის ოფისში მუშაობდა, რუსეთში დაოჯახდა და ენაც ისწავლა, 2004 წელს კი Credit Suisse-ში გადავიდა. ლესკაუდრონი რუსული ენის ცოდნის გამო მალევე რუსი კლიენტების პირადი ბანკირი გახდა. 

პატრის ლესკაუდრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ლესკაუდრონი ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული, რითიც ექსპრემიერს დიდძალი ზარალი მიადგა. 

ლესკაუდრონი ასევე აღიარებს, რომ ივანიშვილის ხელმოწერის გაყალბებიდან მალევე, რუსი მილიარდერის და ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის ვიტალი მალკინის ხელმოწერის გაყალბებაც დაიწყო. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლესკაუდრონმა სხვა კლიენტების ანგარიშებზე არსებული ზარალის დაფარვის მიზნით, ივანიშვილის ანგარიშიდან ავტორიზაციის გარეშე სოლიდური თანხები მოხსნა, ამასთანავე მიისაკუთრა $30 მილიონი. 

“როდესაც Credit Suisse-ში მოვედი, მე ვთქვი, რომ ახლა ჩემი ქონება უსაფრთხოდ იქნება, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რეპუტაციის ბანკში ოდესმე მსგავსი რამ მოხდებოდა...იმაზე მეტი ფული მაქვს, ვიდრე მჭირდება, ეს საქმე ჩემთვის პრინციპის საქმეა,"- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.