19.მაისი .2022 15:30

ბიძინა ივანიშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და შვეიცარიულ სასამართლოს აკრიტიკებს

ბიძინა ივანიშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და შვეიცარიულ სასამართლოს აკრიტიკებს
views 5516
უკან

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან დავის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. ექს-პრემიერის და მისი პრესსპიკერის განცხადება გამოცემა PRnewswire.com-ზე გამოქვეყნდა და ის შვეიცარიის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით ივანიშვილის პრეტენზიებს შეეხება. 

განაცხადებაში ივანიშვილის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ შვეიცარული სასამართლოს მიერ Credit Suisse-სთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად საბანკო სამართალს თავდაყირა აყენებს და ის ძირითად სამართლებრივ პრინციპებს უგულვებელყოფს. საუბარია განაჩენზე, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ი უფლებამოსილია ივანიშვილს დაუბრუნოს ის $130 მილიონი დოლარი, რომელიც 2018 წლის განაჩენით იყო განსაზღვრული, მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ბანკი "მესამე მხარეებთან" არსებული დავებით დაიბრუნებს ამ თანხებს ბოლომდე. განცხადებიდან ირკვევა, რომ უკანონოდ გადარიცხული $130 მილიონიდან ბანკმა მხოლოდ $80 მილიონი დააბრუნა, დანარჩენი $50 მილიონის დაბრუნება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებით იდავებს Credit Suisse-ი "მესამე პირებთან". ეს ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ექს-პრემიერის წარმომადენელი აცხადებს, რომ შვეიცარული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თანხის დაბრუნების ვალდებულებას ბანკიდან "მესამე პირებზე" გადატანას ნიშნავს, როდესაც "განვითარებადი ქვეყნის სასამართლოც კი დაადგენდა" იმას, რომ თანხის სრულად დაბრუნების ვალდებულება არ შეიძლება ეფუძნებოდეს "პირობითობას" და მისი გადახდა სრულად ბანკის პასუხისმგებლობა უნდა იყოს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება შვეიცარიულ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით:


“საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და მსოფლიოში განთქმულ საბანკო დაწესებულება Credit Suisse-ს შორის არსებული დავაზე ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მომჩივნების სასარგებლოდ $600 მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დადგინდა. ეს შედეგი, უახლოეს მომავალში შეიძლება განმეორდეს სინგაპურის სასამართლოშიც.

უკანასკნელ დღეებში გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ტრასტის მეურვემ, რომელიც Credit Suisse-ს მიერ იყო დანიშნული, ტრასტის ბენეფიციართა მიმართ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელა, რამაც შეაყოვნა კონკრეტული გადარიცხვები. 

მეურვემ არ შეასრულა ტრასტის ბენეფიციართა ინსტრუქციები, და გაუგებარი მიზეზით განაცხადა, რომ ეს შეყოვნება “აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს” უკავშირდებოდა. ეს მიზეზი არის გაუმართლებელი, გაუგებარი და ნებისმიერ საბანკო სტანდარტთან შეუფერებელი.

ამასთანავე, Credit Suisse-ი ასევე არის ჩართული კიდევ ერთ მიმდინარე დაპირისპირებაში, რაც შვეიცარული სასამართლოს 2018 წლის განაჩენს უკავშირდება. განაჩენი ბანკის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება. ამან გამოიწვია შეთქმულების შესახებ პრეტენზიები და ის, რომ ბანკი იყენებს შვეიცარიის სასამართლო სისტემას, რათა თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა იმ თანხების გადახდაზე, რომლებსაც სასამართლომ ოფიციალურად მიანიჭა, როგორც ბატონი ივანიშვილისთვის “მოპარული” აქტივის სტატუსი.

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა განაცხადა:

“ბოლო სამი წლის განმავლობაში შვეიცარიის პროკურატურამაც დაადასტურა სასამართლოს განაჩენი, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი ვალდებულია დააბრუნოს ის აქტივები, რომლებიც თაღლითობის გზით იყო კლიენტისთვის მოპარული. ამის მიუხედავად, ბანკმა გამოიყენა სასამართლო სისტემა იმისთვის, რათა თავიდან აერიდებინა ამ თანხის სრულად გადახდა.

განაჩენმა მკაფიოდ მიუთითა, რომ როდესაც კლიენტი აკეთებს ბანკში სადეპოზიტო შენატანს, ამ დეპოზიტის პატრონობა ხდება ბანკის პასუხისმგებლობის საგანი, ხოლო კლიენტს ბანკისადმი მოთხოვნის უფლება უჩნდება. შესაბამისად, როდესაც ბანკი ახორციელებს თანხის გადარიცხვას გაყალბებული დოკუმენტის, ან თაღლითობის საფუძველზე, ამ დროს პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ბანკს და არა კლიენტს. კლიენტის მოთხოვნის უფლება ნარჩუნდება სრულად, თანხის სრულ მოცულობაზე. სასამართლოს მსჯელობა იყო ფორმალურად სწორი და კანონიერი, თუმცა ის რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო, არის ამ პრინციპების მიმართ სრულიად საწინააღმდეგო.

აღნიშნულის საფუძველზე, Credit Suisse-ი დაეთანხმა სასამართლოს და განახორციელა ნებაყოფლობითი გადახდა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების სასარგებლოდ და მიუთითა, რომ თანხას სრულად გადაიხდიდა, მაშინ როდესაც “ბანკი მესამე მხარისგან აღნიშნულ თანხებს ამოიღებდა”. ეს რამდენიმე სიტყვა მთელ საბანკო პრაქტიკას, საბანკო სამართალს და სასამართლოს მიერ ზემოთ დასახელებულ პრინციპს თავდაყირა აყენებს.

ნებისმიერი სასამართლო, განვითარებადი ქვეყნის სასამართლოც კი, მკაფიოდ დაადგენდა ბანკის ყველაზე მთავარ ვალდებულებას - რომ კლიენტისგან მოპარული თანხის დაბრუნება არის უპირობო და ის არ შეიძლება დამოკიდებული იყოს რაიმე პირობაზე. თუმცა, ამ საქმეში შვეიცარულმა სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნა, რომ “ბანკმა აიღო ვალდებულება გადაუხადოს შესაბამის კლიენტებს ყველა ის თანხა, რომელიც მან ამოიღო მესამე პირებისგან, ან რომელიც ამოღებული იქნება მესამე პირებისგან“.

შესაბამისად, შვეიცარიულმა სასამართლომ, რომელიც გაეცნო ერთმნიშვნელოვან მტკიცებულებებს, რომელიც ამტკიცებს, რომ კლიენტის თანხები გადარიცხული იყო ბანკის მიერ გაყალბებული დოკუმენტებისა და ხელმოწერების საფუძველზე. ამის შემდეგ სასამართლომ ბანკი დაავალდებულა კლიენტისთვის აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი სრულად, მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ბანკი უკანონოდ გადარიცხულ სახსრებს მესამე პირებისგან დაიბრუნებდა. ამ ურთიერთდამოკიდებულებით, სასამართლომ უფლება მისცა Credit Suisse-ს, რომ არ დაუბრუნოს კლიენტს მოპარული თაანხა, მაშინ თუკი ის “მესამე მხარეებისგან” თანხას ვერ ამოიღებს. შესაბამისად, სასამართლომ არ დაადგინა ბანკის ვალდებულება, ამის ნაცვლად, მან დაადგინა “მესამე მხარეთა ვალდებულება”, როგორც თანხების დაბრუნების გზა. შესაბამისად, იმ თანხების დაბრუნება, რომლებიც წამყვან შვეიცარულ ბანკში იყო დეპოზიტად განთავსებული, სასამართლოს მიერ პირდაპირ ბანკის პასუხისმგებლობად არ იქნა დადგენილი.

შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მარტივად რომ ავხსნათ შემდეგ მოცემულობას ქმნის: თუკი ბანკი იქნება წარმატებული მესამე მხარეებთან დავაში ამ თანხების დაბრუნებისთვის, მაშინ ეს თანხა კლიენტს დაუბრუნდება; თუკი არა, მაშინ ბანკს, როგორც, ფინანსურ ინსტიტუტს, არ აქვს ვალდებულება ან პასუხისმგებლობა კლიენტთან მიმართებით. ეს კი ხდება იმის მიუხედავად, რომ შვეიცარიელმა პროკურორმა მკაფიოდ განაცხადა, რომ "კლიენტის ანგარიშზე არსებული სხვადასხვა სახსრები კრიმინალური აქტივობების შედეგად იყო მითვისებული და Credit Suisse-ს გააჩნდა ამ თანხების კლიენტისთვის დაბრუნების ვალდებულება".

Credit Suisse-ი წარმატებით მიჰყვა ამ პრინციპს და შვეიცარული სასამართლოს მიერ მისთვის შექმნილი კომფორტის პირობებში, 2019 წლის აპრილიდან მოყოლებული, მესამე პირებისგან თანხის მხოლოდ ნაწილის ამოღება შეძლო. ბანკმა მესამე მხარეებისგან ამოიღო მხოლოდ $80 მილიონი დოლარი იმ $130 მილიონი დოლარიდან, რომელიც კლიენტებისთვის იყო მოპარული. საუბარია სხვა კლიენტებზეც, რომლებიც ბატონ ივანიშვილთან ერთად ბანკის მსხვერპლნი გახდნენ.

დარჩენილი $50 მილიონი დოლარის მოძიების მხრივ, რომელიც უკვე 36 თვეა, ბანკის მიერ არ არის დაბრუნებული, Credit Suisse-ი კვლავ მიჰყვება იმ ლოგიკას, რაც სასამართლოს მიერ იყო განსაზღვრული. ბანკი ამტკიცებს, რომ კლიენტისთვის თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მესამე მხარეებისგან ამ სახსრებს ამოიღებს. “მესამე პირებს” შორის საუბარია ასევე გარდაცვლილ ყოფილ პირად ბანკირზეც [პატრიკ ლესკადრონი, რომლის მიერაც თანხა იყო მითვისებული],”- ნათქვამია განცხადებაში.