მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი "ლაგუნა ვერეში" საკუთარი წილს 99.97%-დან 100%-მდე გაზრდას გეგმავს

5e15bb4e6ac0e
შოთა ტყეშელაშვილი
08.01.20 15:24
6924
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია სს "იუნიონი" თბილისის ცენტრში, სპორტულ კომპლექსს "ლაგუნა ვერეში" საკუთარი წილის დღეს არსებული 99.97%-დან 100%-მდე გაზრდას და შესაბამისად სხვა აქციონერებისგან კომპანიის 0.03%-იანი წილის გამოსყიდვას გეგმავს. 

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით:

"გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე N2/14032-15) თანახმად, სს სპორტული კომპლექსი ,,ლაგუნა ვერეს“ განთავსებული აქციების 99.97%-ის მფლობელი აქციონერი სს „იუნიონი“ (ს/ნ 204872799, შემდეგში - „მყიდველი“) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53​4 მუხლით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის ფარგლებში ახორციელებს სს სპორტული კომპლექსი ,,ლაგუნა ვერეს“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვას ყველა აქციონერისაგან.

გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 12 იანვარი, 18:00 სთ.

სპორტული კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასად განსაზღვრულია 3.62 (სამი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარი.

„მყიდველის“ მიერ ყველა დარჩენილი განთავსებული აქციის (რაც შეადგენს განთავსებული აქციების 0.03%-ს) გამოსასყიდი თანხის დეპონირებისათვის დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გაიხსნა სპეციალური ანგარიში,"- ნათქვამია ინფორმაციაში

როდის შეიძინა ბიძინა ივანიშვილმა "ლაგუნა ვერე"?

თბილისის უმსხვილესი ღია საცუარაო კომპლექსი "ლაგუნა ვერე" 2014 წლის 2 მარტს დაიხურა. დღეს, ამ კომპლექსის მფლობელი ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილია. 

სააქციო საზოგადოება "ლაგუნა ვერე" 1997 წლის 24 აპრილს დაფუძნდა, აუზი დამოუკიდებლად 10 წლის მანძილზე საქმიანობდა. 

საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, 2007 წლის 12 ივნისს "ლაგუნა ვერეს" აქციათა 63.03 %-ის მფლობელი სააქციო საზოგადოება "იუნიონი" გახდა. სწორედ მისი მეშვეობით გახდა ივანიშვილი "ლაგუნა ვერეს" მფლობელი.

"იუნიონის" 100%-იანი წილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძილებზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Ringold Finance Limited-ს ეკუთვნის. 

აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის შემდეგ სს "იუნიონმა" პაკეტის გამსხვილება დაიწყო. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2007 წლის 29 ივნისს თბილისში, ქართუ ჯგუფის სათავო ოფისში გაიმართა ლაგუნა ვერეს აქციონერთა რიგგარეშე კრება. მაშინ "სს იუნიონი" ლაგუნა ვერეს სააქციო კაპიტალის 88%-ის მფლობელი გახდა. 2007 წლის 19 ივლისს ქართუ ჯგუფის სათავო ოფისში კიდევ ერთი რიგგარეშე კრება ჩატარდა, რომლის შედეგადაც "სს იუნიონი" "ლაგუნა ვერეს" 94%-იანი წილის მფლობელი გახდა.

2014 წლის 12 დეკემბერს, აუზის დახურვიდან 8 თვის შემდგომ კი, "იონიონმა" სპორტულ კომპლექსში საკუთარი წილი 99.97%-ის მფლობელი  გახდა.

"ლაგუნა ვერე" 1978 წელს გაიხსნა. წლების განმავლობაში მრავალფუნქციურ კომპლექსში ემზადებოდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები. 

სპორტული კომპლექსი 12,666 კვადრატული მეტრის ფართობზე არის გაშენებული. 

"ლაგუნა ვერეს" მიდმებარედ, არსებული ყოფილი აბრეშუმის ქარხნის შენობაც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებას წარმოადგენს.