მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდესაც სებ-ი ფუნქციებს ვერ ასრულებს, უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი? - ჯაფარიძე გვენეტაძეს

60b7538b8a9e2
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.21 13:52
1024
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომაზე გამართულ დებატებში პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კობა გვენეტაძეს მიმართა კითხვით - უნდა გადადგეს თუ არა სებ-ის პრეზიდენტი მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი განსაზღვრულ ფუნქციებს თავს ვერ ართმევს. 

“სებ-ის მოხსენებაში საუბარია იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ, რასაც უნდა ასრულებდეს ეროვნული ბანკი; ესაა ფასების სტაბილურობა, ლარის კურსის სტაბილურობა, მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება. ეს არის ჩამოთვლილი სებ-ის ძირითად მიზნებად, რასაც უნდა ემსახურებოდეს ეროვნული ბანკი. ყველა ამ მიმართულებით გვაქვს კატასტროფული შედეგები - მათ შორის ინფლაციის მიმართულებით, ლარის კურსის მიმართულებით და კაპიტალის ბაზრის მიმართულებით. ყველგან შედეგი არის სავალალო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ართმევენ თავს მათ მოვალეობას. პანდემიაზე აპელირება არის დემაგოგია, რადგანაც ეროვნული ბანკის მიერ პანდემიამდე მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაამუხრუჭა ეკონომიკური ზრდა. ამის მაგალითია შეზღუდვა 200,000 ლარამდე სავალუტო სესხებზე, რამაც იპოთეკურ დაკრედიტებას და დეველოპერებს ზარალი მიაყენა. ეროვნულ ბანკს აქვს მცდელობა, რომ საკუთარი თავის დაზღვევის მიზნით შემოიღოს სამუხრუჭე მექანიზმები.

ხაზი მინდა გავუსვა კაპიტალის ბაზართან მიმართებით არსებულ ვითარებას; რიცხვს მოგიყვანთ - ბოლო თვეებში საქართველოს საფონდო ბირჟაზე განხორციელდა მხოლოდ 2,000 ლარის გარიგებები. ეს არის სამარცხვინო რიცხვი და თქვენ სწორედ ამ სფეროს მარეგულირებელი ბრძანდებით. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ არანაირი ხედვა არ არსებობდა იმისთვის, რათა საქართველო გადაიქცეს რეგიონალურ საფონდო ცენტრად, რაც ქვეყნის განვითარებისთვის არის აუცილებელი, თუმცა ამის ხედვა თქვენ არ გაგაჩნიათ.

როდესაც სებ-ი ვერცერთ მიზანს ვერ ასრულებს, ვერც ფასების სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს, ვერც ლარის სტაბილურობას, ვერც ეკონომიკის მაღალ ზრდას და ვერც კაპიტალის ბაზრის განვითარებას, უნდა გადადგეს თუ არა  ეროვნული ბანკის ასეთი პრეზიდენტი? მე მაქვს ამაზე პასუხი, რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს, რადგან ვერცერთ ამოცანას ვერ ასრულებს,” - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.