მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ Credit Suisse-ს აშშ-შიც უჩივლებს

60d32df4d7800
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.21 17:00
1488
ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის წინააღმდეგ აშშ-შიც გაგრძელდება - ამის შესახებ ივანიშვილის პრესსპიკერმა ჩარლი ვიგანმა გერმანულ გამოცემა handelsblatt-ს განუცხადა.

აპრილში თავად Credit Suisse-მაც შეიტანა სარჩელი ბრიტანულ სასამართლოში ივანიშვილის წინააღმდეგ. ბანკი დაობდა, რომ ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR კომპანიამ მართლსაწინააღმდეგოდ გაასაჯაროვა შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის FINMA-ს დოკუმენტი, რომელიც ფინანსურ საიდუმლოებას შეიცავდა. Finma-ს ანგარიში 2017 წელს მომზადდა და ის Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციას და მასთან მიმართებით ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებს შეეხებოდა.

საქმე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ სქემას უკავშირდება. მის შესახებ დავა შვეიცარიაში, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში მიმდინარეობს. პატრიკ ლესკადრონის დანაშაულები 2015 წელს გამოაშკარავდა.

2018 წელს ჟენევის სასამართლომ პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია.

აღნიშნულის არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ შეუძლებელია, ეს პროცესი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო.

ივანიშვილს საჯაროდ ამ საქმეზე სულ რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული, “რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ”, - 2019 წლის ნოემბერში Bloomberg-თან თქვა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესში ბერმუდის კუნძულებზეც არის ჩართული, სადაც საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე აღნიშნავს, რომ ბერმუდის კუნძულებზე გახსნილი “დაზღვევის” ანგარიშზე პატრიკ ლესკადრონის თაღლითური ქმედებების გამო $400 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო 2018 წლის ბოლოს დატოვა, რისი მიზეზიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ამასთან, მას წინასწარი პატიმრობის შედეგად პატიმრობის ნახევარზე მეტი მოხდილი ჰქონდა. გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.