მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი: ზოგიერთი პარტია ზედმეტად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს

5fb8ce4130cbb
თელარა გელანტია
21.11.20 12:20
931
"ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, თუმცა ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გაკეთების შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“. მან ქართველ ხალხს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ 31 ოქტომბერს გამოიჩინეს და დღესაც ამ რთულ პერიოდში, მოგეხსენებათ, კოვიდი ბობოქრობს, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა.

ამავდროულად შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. შედეგად მივიღეთ პარლამენტში 9 პარტიის წარმომადგენლობა, რაც მისასალმებელია“, - თქვა ივანიშვილმა.

დღეს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.