მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილის "გალერია თბილისი" 6 მოლის მოთხოვნას არ უერთდება

5fc0ef13cfc72
ინგა მურუსიძე
27.11.20 16:33
5896
საქართველოს მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ხვალიდან ყველა სავაჭრო ცენტრი იკეტება. გიორგი გახარიას მთავრობის გადაწყვეტილებას მოლებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენციით უპასუხეს. ბიზნესი მთავრობას 6 მოთხოვნით მიმართავს. მოლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სავაჭრო ცენტრების დახურვა საფრთხეს უქმნის იმ 17, 000 მოქალაქეს, რომელსაც ისინი ასაქმებენ. რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, ისინი ირწმუნებიან, რომ თუ დეკემბრის განმავლობაში სავაჭრო ინდუსტრია ვერ იმუშავებს, ჯამური ზარალი 1 მლრდ ლარამდე იქნება. მათივე გათვლებით, ყოველი დაკეტილი დღე მოლებისთვის დღიურად 10 მლნ ლარის ზარალს ნიშნავს, ხოლო მთლიანად სავაჭრო ინდუსტრიისთვის - 25 მლნ ლარის ზარალს.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მედია ანონსში და ასევე, ოფიციალური ერთობლივი განცხადების თანახმად, მთავრობისადმი მიმართვის ხელმომწერ სავაჭრო მოლებს („თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“, „თბილისი ცენტრალი“, „ქარვასლა“, „სითი მოლი“ და „გლდანი მოლი“) შორის იყო ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის კუთვნილი "გალერია თბილისი", თუმცა მას შემდეგ, რაც bm.ge-იმ აღნიშნული ინფორმაცია თავად ფონდში გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ ივანიშვილის სავაჭრო ცენტრი დანარჩენი მოლების მოთხოვნებს არ უერთდება. 

„გალერია თბილისში“ ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება კარგად ესმით.

„ჩვენ არ ვუერთდებით ამ განცხადებას. ვაანალიზებთ, რომ ჩვენთვისაც და ჩვენი მოიჯარეებისთვისაც ფუნქციონირების შეწყვეტა ნიშნავს შემოსავლის შეწყვეტას, ამიტომ ამ პერიოდში მათ ვათავისუფლებთ იჯარის გადასახადისგან. ამავე დროს, ძალიან კარგად გვესმის, რომ შეზღუდვების გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ განაპირობა. ბუნებრივია, ჩვენც მივიღებთ ფინანსურ ზარალს, მაგრამ, ასევე, ვხვდებით რა ხდება ქვეყანაში - ეს მოცემულობაა“, - განუცხადეს bm.ge-ის „გალერია თბილისის“ მენეჯმენტში.

ამასთან, კითხვაზე - გამომდინარა იქიდან, რომ სავაჭრო ცენტრების მიერ მთავრობისთვის გაგზავნილი მიმართვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პანდემიის დასაწყისში გადავადებული ქონების გადასახადის გაუქმებაა, ამ ნაწილში მაინც ხომ არ იზიარებენ სხვა მოლების მოთხოვნას, აღმოჩნდა, რომ - არა. „გალერია თბილისში“ გვითხრეს, რომ ქონების გადასახადის სრულად გადახდას გეგმავენ.