მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს მრავალწლიანი დავა და $500 მლნ მოუგო - FT

623c37733f606
BM.GE
24.03.22 13:21
5412
Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვითაც საქართველოს უმდიდრესმა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს ნახევარ მილიარდზე მეტი მოუგო. საუბარია დავაზე, რომელიც ივანიშვილმა მისი ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილი თაღლითური ოპერაციების შემდეგ დაიწყო.

სტატიის თანახმად, ბერმუდის კუნძულების უზენაესმა სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკევ მიიღო და განაჩენი და მისი დასაბუთება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

როგორც FT წერს, იანვარში, შვეიცარულმა ბანკმა განაცხადა, რომ მათ სასამართლო დავებში დასაკისრებელი ჯარიმებისთის წინასწარ გაამზადეს $469 მილიონი დოლარი, ამასთან ბანკმა მიუთითა, რომ ეს თანხა მათი საინვესტიციო ბანკინგის სექტორის დავას უკავშირდებოდა. ეს ჯარიმის სრული ოდენობა არაა, რადგანაც Credit Suisse-მა აღნიშნა, რომ ისინი საჭიროების შემთხვევაში კომპენსაციისთვის გათვალისწინებული ფონდის ბიუჯეტს გაზრდიდნენ.

დავა Credit Suisse-სთან - ისტორია:

სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს.

იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც ის 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო 2018 წლის ბოლოს დატოვა, რისი მიზეზიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ამასთან, მას წინასწარი პატიმრობის შედეგად პატიმრობის ნახევარზე მეტი მოხდილიც ჰქონდა. გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.