მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილმა გორში ყოფილი ბაზრის ტერიტორია გამოისყიდა და გორელებს აჩუქა

5f96d8a424d40
თელარა გელანტია
26.10.20 18:12
1840
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდულია და მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა.

ამის შესახებ მან გორში, მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ადგილზე თანამედროვე რეკრეაციული ზონა მოეწყობა და ახალგაზრდული ცენტრი აშენდება, რომელსაც ,,ქართუ“ სრულად დააფინანსებს

მისი თქმით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს ,,ქართუ“ ჯგუფის და ბიძინა ივანიშვილის ხელწერას.

"წლების განმავლობაში, გორის ცენტრში მდებარეობდა ტერიტორია, ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში, ხელიდან ხელში გადადიოდა ისე, რომ ინვესტიცია არ განხორციელებულა. დღეს, ჩვენ გვაქვს საშუალება გორელებს და არა მხოლოდ გორელებს მივაწოდოთ სასიხარულო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა მოხდა. გორელებს კარგად ახსოვთ, როგორი მახინჯი პრაქტიკის საშუალებით ხდებოდა ქონების სხვადასხვა ორგანიზაციებზე და პირებზე გადაცემა, მაგრამ გორის ცენტრში ეს ტერიტორია,ნაგავსაყრელად იყო ქცეული. მხოლოდ მსგავსი ტიპის ქველმოქმედების საშუალებით გახდა შესაძლებელი, რომ ქალაქის ცენტრში გვქონდეს თანამედროვე რეკრეაციული ზონა, თანამედროვე დასასვენებელი პარკი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გორელი ახალგაზრდებისთვის უკიდურესად საჭირო ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდული ცენტრი. ახალგაზრდული ცენტრი იქნება ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, არაფორმალური განათლების შესაძლებლობა, განვითარების შესაძლებლობა და ზოგადად აღნიშნული პროექტის რეალიზება კიდევ ერთხელ ცხადყოფს "ქართუ" ჯგუფის და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიდგომას და მის ხელწერას”, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა დაუჯდა "ქართუს" ტერიტორიის გამოსყიდვა, პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული არ ეწერა.