მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბილაინმა” ყველაფერი გააკეთა, რომ ქსელი გაეყიდათ, მაგრამ ვერ ყიდიან - ირაკლი რუხაძე

61cc442facf6f
შოთა ტყეშელაშვილი
29.12.21 15:08
924
პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ანგარიშს მოუსმინეს. განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს უმსხვილესი მობილური ოპერატორების - “მაგთის” და “სილქნეტის” მფლობელები, რომლებმაც კომისიის საქმიანობა გააკრიტიკეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც სხდომა შეეხებოდა, იყო MVNO-ს ანუ ვირტუალური ოპერატორის დანერგვის “ექს-ანტე” რეგულაცია, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს და რომელსაც “მაგთი” და “სილქნეტი” ეწინააღმდეგებიან. კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის ნეგატიურ შედეგებზე საუბრისას, “მაგთის” აქციონერმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ ბაზარზე არსებულ მძიმე ვითარებაზე მეტყველებს ისიც, რომ საქართველოდან უცხოელი ინვესტორები გადიან. მათ შორის დაასახელა “ბილაინიც” [Veon], რომელიც საკუთარი ქსელის გაყიდვას გეგმავდა, თუმცა, ჯერჯერობით, მყიდველი არ გამოჩენილა.

ირაკლი რუხაძემ კახა ბექაურს სთხოვა დაესახელებინა, თუ რა ამონაგებს მოითხოვდა, ის რომ საქართველოს კომუნიკაციის სექტორის უცხოელი ინვესტორი ყოფილიყო, თუმცა ბექაურმა ამ კითხვას არ უპასუხა.

“ბატონ კახას ბიზნესი კარგად ესმის, კარგი ბიზნესმენია. შეიძლება ამ დარგში არაა, მაგრამ სხვა დარგშია და ამ კითხვაზე პასუხი არ უნდა გაუჭირდეს. რა ამონაგები უნდა ჰქონდეს უცხოელ ინვესტორს, რომელიც აპირებს, რომ ქართულ ტელეკომუნიკაციებში დააბანდოს ფული? ქვეყანაში, სადაც ბოლო 30 წელში მოხდა სამი თუ ოთხი ომი, მრავალი მთავრობის ცვლილება, სადაც ლარში გვაქვს შემოსავალი და ლარის ინფლაცია არის ორნიშნა. რა დაბრუნება უნდა ნახოს ინვესტორმა? თქვენ რომ აბანდებდეთ ან ურჩევდეთ კერძო ინვესტორს რომ შემოდიოდეს ამ ქვეყანაში, რა ამონაგები უნდა მიიღოს თავის კაპიტალზე? რატომ ვამბობ ამას? - ჩვენთან, ფაქტობრივად, ყველა ვინც იყო უცხოელი მოთამაშე გავიდა ბაზრიდან, არადა კომუნიკაციები არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დარგი მთელ მსოფლიოში და ერთ-ერთი პირველი დარგი, სადაც უცხოელი ინვესტორები შემოვიდნენ. რომ დავასახელოთ, გავიდა მეტრო მედია, გავიდა თელეასონერა და ვერ გადის “ბილაინი”. ყველაფერი გააკეთეს, ხან ერთი საინვესტიციო ბანკი აიყვანეს, რომ გაყიდონ ხან მეორე და უბრალოდ, ვერ ყიდიან ვერანაირ ფასად. ამიტომ ეს დარგი არ არის არანაირად მომხიბლავი. ჩვენისთანა ღარიბი პატარა ქვეყანა არ გამომძვრალა მხოლოდ თავისი ინვესტიციებით. ჩვენი ინვესტიციებიც არაა მხოლოდ ჩვენი, რადგან “მაგთიში” გვყავს უცხოელი ინვესტორებიც, “სილქნეტს” ჰყავს ბონდ ჰოლდერები და უამრავი ხალხი ვინც ამ ქვეყანას უნდა უყურებდეს და აინტერესებდეს რომ აქ დარჩეს და რაღაც გააკეთოს. ჩემი კითხვაა, რა პროცენტი უნდა იყოს მინიმალური ამონაგები, რომელზეც დათანხმდებოდით უცხოელი ინვესტორი რომ იყოთ, რომ საქართველოში შემოსულიყავით,” - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

“რა დაბრუნება უნდა ჰქონდეს ინვესტორს, მე ამაზე კონკრეტულ პასუხს არ გაგცემთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პარამეტრი რაც ჩვენ დავითვალეთ, დაახლოებით, 15%-ის ფარგლებშია,” - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე “მაგთის” მინორიტარი აქციონერია, მას კომპანიის 3%-იანი წილი ეკუთვნის.