24.თებერვალი .2021 00:10

Biliki 100,000-ლარიანი გრანტის მფლობელია - რაში დახარჯავს ქართული სტარტაპი თანხას?

Biliki 100,000-ლარიანი გრანტის მფლობელია - რაში დახარჯავს ქართული სტარტაპი თანხას?
views 582
უკან

ქართული სტარტაპი Mobile Travel Guide Biliki, რომელიც მოგზაურებს ტურების დაგეგმვაში, ხოლო ოპერატორებს - ტურების უკეთ გაყიდვაში ეხმარება, GITA-ს 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

სტარტაპი, რომელიც ძმებმა თორნიკე და გიორგი ცირამუებმა 2019 წელს შექმნეს, დღეს უკვე 4000-ზე მეტ მომხმარებელს და 20 ბიზნესპარტნიორს აერთიანებს.

როგორც თორნიკე ცირამუა bm.ge-სთან საუბარში ამბობს, მოპოვებული გრანტის 60%-ს ისინი აპლიკაციის განვითარებას მოახმარენ.

„ვგეგმავთ, რომ განვავითაროთ ჩვენი აპლიკაცია, დავამატოთ ახალი ფუნქციები, რითიც მოვახდენთ საბაზრო სივრცის შექმნას, სადაც მომხმარებელი შეძლებს ტურების განთავსებას და მის გაყიდვას. ამავე დროს ჩვენ ვუქმნით ღია საკომუნიკაციო სივრცეს ადგილობრივ მცირე, საშუალო თუ დიდ ბიზნესს, რათა განათავსონ თავიანთი ტურები, ობიექტები და ადვილად დაუკავშირდნენ პოტენციურ მომხმარებელს.

ამავე დროს ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჩავდოთ ცალკე ინვესტიცია მარკეტინგულ კამპანიაში, ამ მიმართულებით გვაქვს გარკვეული იდეები. და მესამე მიმართულება, რისთვისაც გრანტს გამოვიყენებთ, არის ჩვენი გუნდის განვითარება და ახალი წევრების შემომატება“, - ამბობს თორნიკე ცირამუა.

მისივე თქმით, აპლიკაციის ახალი ვერსიის მეშვეობით ტურის განთავსებას მსურველი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეძლებს, რითიც Biliki გახდება გლობალური ბაზრის ნაწილი.

სტარტაპი 2019 წელს შეიქმნა. „ანდროიდის“ მომხმარებლებისთვის Biliki-ს აპლიკაციის პირველი ვერსია 2019 წლის სექტემბერში ამოქმედდა, ხოლო ios-ის მომხმარებლებისთვის 2020 წლის თებერვალში.
ამჟამად სტარტაპი ოთხ ადამიანს ასაქმებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა