მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბილიკის“ საზღვრები ფართოვდება - აპლიკაციას ესპანეთის ტურები დაემატა

637e4abba5a61
თინათინ ნატმელაძე
23.11.22 21:15
872
ტურისტული აპლიკაცია „ბილიკის“ საზღვრები ფართოვდება, კონკრეტულად კი რამდენიმე დღეა აპლიკაციაში ესპანეთის ტურები დაემატა. ეს მე-9 ქვეყანა, სადაც „ბილიკის“ აპლიკაციაში ადგილობრივი ტურისტული ლოკაციები გაჩნდა. ამის შესახებ "ბილიკის" თანადამფუძნებელმა თორნიკე ცირამუამ BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, „ბილიკის“ გეოგრაფიის ზრდა მისი ცნობადობის ამაღლებისა და მომხმარებლების რაოდენობის გაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ სიახლისთვის მნიშვნელოვანი კამპანია არ გვიწარმოებია - მსუბუქად ესპანეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს გავაცანით - რას ნიშნავდა „ბილიკი“, რის შემდეგაც ისინი თავად დაინტერესდნენ და აპლიკაციაში ესპანეთის რუკებიც განათავსეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. რაც უფრო მეტი ქვეყნის რუკაა წარმოდგენილი „ბილიკში“, მით უფრო მიმზიდველი ხდება აპლიკაცია, იზრდება მომხმარებლის რაოდენობა და საქართველოში მყოფ ტურისტულ კომპანიებსა და გიდებსაც მოტივაცია ეზრდებათ, რომ „ბილიკის“ განვითარებაში როგორც რუკების განმთავსებლებმა თავისი წვლილი შეიტანონ“, - განმარტა თორნიკე ცირამუამ.

„ბილიკი“ გაჩერებას არ აპირებს. მათ გეგმაში გეოგრაფიული არეალის კიდევ უფრო გაფართოება შედის. ცირამუას ცნობით, ამჟამად სხვადასხვა რეგიონებში მოლაპარაკებების ეტაპზე არიან.

„რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე ვმუშაობთ, კვლევებს ვაწარმოებთ და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით ჩაივლის. ამჟამად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონზე ვართ ორიენტირებული, განსაკუთრებით საინტერესო ინდოეთია, რადგან ტურისტულად ძალიან აქტიური ქვეყანაა. ამ პროცესების წარმატებით გავლა ინვესტიციების მოზიდვის, გუნდის გაფართოებისა და აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოების საშუალებას მოგვცემს.

„ბილიკი“ ტურიზმის ინდუსტრიაში ერთგვარი Game Changer-ია“, - ამბობს თორნიკე ცირამუა.

სტარტაპის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „ბილიკში“ ტურების განთავსება და საფასურის დადება ყველა ადამიას შეუძლია, ღირებულება ტურის სირთულისა და კონცეფციის მიხედვით იზრდება და 5-25 ლარს შორის მერყეობს. დღეისთვის „ბილიკს“ 15 000-მდე აქტიური მომხმარებელი ყავს.

ცნობისთვის: „ბილიკმა“ ფუნქციონირება მხოლოდ საქართველოს რუკებით დაიწყო, ამჟამად კი აქ 9 ქვეყნის, საქართველოს, პოლონეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ესტონეთის, იტალიის, ბულგარეთის, ისრაელის და უკვე ესპანეთის რუკებია წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ „ბილიკის“ აპლიკაციის პირველი პროტოტიპი 2019 წელს ჩაეშვა და მის შესაქმნელად პირველი ინვესტიცია დაახლოებით 40 000 ლარს შეადგენდა.