მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობანკი Celsius გაკოტრდა - 1.7 მილიონმა მომხმარებელმა აქტივები დაკარგა

62cfea55b0823
გიორგი თოლორდავა
14.07.22 14:10
4050
კრიპტოინდუსტრიაში მკვეთრი დაღმასვლისა და კოლაფსის ტენდენცია გრძელდება - ამჯერად გაკოტრების გამოცხადება კრიპტოპლატფორმა Celsius Network-ს მოუწია, რომელიც ერთგვარი კრიპტობანკის ფუნქციას ასრულებდა და მომხმარებელს უჩვეულოდ მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობდა.

Celsius-ის მფლობელობაში არსებული აქტივების ზუსტი მოცულობა უცნობია, თუმცა ნიუ-იორკის სასამართლოში წარდგენილი განცხადებიდან ირკვევა, რომ კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 1.7 მილიონ მომხმარებელს ემსახურებოდა, რომლებიც თავიანთი ციფრული აქტივებისა და თანხის გატანას ვერ ახერხებენ.

კომპანიამ ტრანზაქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება გასულ თვეს მიიღო, რაც კრიპტობირჟაზე არსებულ მაღალ ვოლატილობასთან და ფასების მკვეთრ დაღმასვლასთან იყო დაკავშირებული.

კრიპტოაქტივების ღირებულების ვარდნის ფონზე, Celsius-მა ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება, პორტფელის ღირებულების მკვეთრმა შემცირებამ კი კომპანია, საბოლოო ჯამში, გაკოტრებამდე მიიყვანა.

ზუსტად რა პირობებით განაგრძობს Celsius-ი საქმიანობას უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ სასამართლომ კომპანიას რესტრუქტურიზაციის და აღდგენის გეგმის შემუშავების უფლება მისცეს, რათა მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანის გარკვეული ნაწილის ანაზღაურება მაინც გახდეს შესაძლებელი.

საგულისხმოა, რომ გასული ორი თვის განმავლობაში გაკოტრდა Celsius-ის კონკურენტი Voyager Digital-იც, რომელსაც სინგაპურში დაფუძნებულ ჰეჯ-ფონდ Three Arrows Capital-ზე $670-მილიონიანი სესხი ჰქონდა გაცემული, ამ უკანასკნელის საქმიანობაც, Voyager-ისა და Celsius-ის მსგავსად, აქტივების ლიკვიდაციითა და გაკოტრებით დასრულდა.