07.ოქტომბერი .2022 11:09

BINANCE კიბერშეტევის სამიზნე გახდა - BNB ბლოკჩეინი დროებით შეჩერდა

BINANCE კიბერშეტევის სამიზნე გახდა - BNB ბლოკჩეინი დროებით შეჩერდა
views 352
უკან

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი კიბერშეტევის სამიზნე გახდა, რის გამოც ხელმძღვანელობამ BNB ბლოკჩეინის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

შეტევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც Bloomberg-ი იუწყება, ჰაკერებმა BNB ბლოკჩეინიდან 100 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივების მოპარვა სცადეს.

Binance-ის დამფუძნებლის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, მომხმარებლის აქტივებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

მართალია, ჰაკერებმა რამდენიმე მილიონი დოლარის აქტივების Binance-დან გადატანა შეძლეს, თუმცა არის იმის დიდი შანსი, რომ მომავალში Binance-მა აღნიშნული აქტივების ამოღება შეძლოს, როგორც ეს აქამდე არაერთხელ მომხდარა.

ექსპერტების შეფასებით, თავად ჰაკერული შეტევა გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან კრიპტობირჟები კიბერდამნაშავეების რჩეულ სამიზნეებს წარმოადგენენ, თუმცა დროსთან ერთად სულ უფრო მეტად იზრდება თავად კრიპტობირჟების დაცულობის ხარისხი, რაც, თავის მხრივ, შეტევების პოზიტიურ ეფექტად უნდა იქნეს განხილული.

რაც შეეხება BNB ბლოკჩეინის დროებით შეჩერების საკითხს, ამ უკანასკნელ მოვლენას საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რადგან ცენტრალური მარეგულირებლის მიერ დეცენტრალიზებული ბლოკჩეინის შეფერხება, თავის მხრივ, წინააღმდეგობრივი მოვლენაა და მას რთულია პოზიტიური ვუწოდოთ.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში BNB კოინის ფასი საერთაშორისო ბირჟაზე თითქმის 5%-ით შემცირდა.