09.სექტემბერი .2019 10:42

„ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ენერგო ნედლეულის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივით გამოდის

views 1357
უკან

„ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, მურმან პატარაია ენერგო ნედლეულის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივით გამოდის.

"როგორც მოგეხსენებათ საქართველო ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება, განსაკუთრებით ეს ეხება საწვავის სფეროს, ქვეყანა ძირითადად იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზეა დამოკიდებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები საშუალებას იძლევა იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც ნავთობით მდიდარი არ არიან, აწარმოონ საკუთარი განახლებადი და ეკომეგობრული საწვავი, კერძოდ ბიოდიზელი, ბიობენზინი და თუნდაც ბიოგაზი. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი საქართველოში გადადგა სტარტაპმა „ბიოდიზელი ჯორჯიამ“, რომელიც უკვე მეორე წელია მუშაობს.

ეს ინოვაციური სტარტაპი აწარმოებს ბიოდიზელს და ნედლეულად იყენებს მეორეულ საკვებ ზეთს, ამგვარად თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მეორადი მოხმარებული ზეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული რესურსი გახდა. მართლაც ამ ნარჩენი პროდუქტის გამოყენებით ქვეყანას საშუალება მიეცა რეგულარულად აწარმოოს საწვავი და შეამციროს ნავთობის იმპორტზე დამოკიდებულება, ამასთან ერთად გააუმჯობესოს ქვეყნის ეკოლოგიური თუ ეკონომიკური მდგომარეობა.

ნებისმიერი სახელმწიფო ამ რესურსს სათანადოდ გაუფრთხილდებოდა და ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებდა, ამ დროს კი რეალობა გვაქვს შემდეგი, უმნიშვნელოვანესი ენერგონედლეული საქართველოდან უკონტროლოდ გაედინება, გადინების პროცესი მიმდინარეობს მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში გამოჩნდა გადამამუშავებელი, სადაც ამ რესურსიდან ქვეყნისთვის ალტერნატიული პროდუქტი ბიოდიზელი იწარმოება, ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ნედლეულის ქვეყნისგარეთ ხელაღებით გატანა რბილად რომ ვთქვათ დანაშაულია.

სახელმწიფომ მკაცრი კონტროლი უნდა გაუწიოს ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ნედლეულის გამოყენებას, შეზღუდოს მისი ექსპორტი და უპირატესობა მიანიჭოს ადგილობრივ მწარმოებლებს, მითუმეტეს რომ ამ სფეროში პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და საქართველოში წარმატებით მუშაობს პირველი ბიოსაწვავის ქარხანა.


სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პოლიტიკების გატარების ნათელი მაგალითია ჩვენი კანონმდებლობა ელექტროენერგიის ექსპორტთან მიმართებაში, თუ ქვეყანაში არ იწარმოება ჭარბი ელექტროენერგია მისი გასხვისება აკრძალულია, ვფიქრობ სახელმწიფო პოლიტიკა ამ შემთხვევაშიც იგივე ხასიათს უნდა ატარებდეს.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ საუკუნებში, სადაც უამრავი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, დღითიდღე მწირი ხდება ენერგორესურსები მსოფლიოშიც, საქართველო კი ბუნებრივი ნავთობრესურსების სიმდიდრით ვერ დაიკვეხნის, ამ მოცემულობიდან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველაფერი, რისი საშუალებაც გაგვაჩნია.

უახლოეს დღეებშივე ვაპირებთ დავიწყოთ ფართომასშტაბიანი კამპანია, შესაბამისად აქტიურად ვიმუშავებთ, სახელმწიფო სტრუქტურების როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო რგოლებთან, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტთან, თუ ენერგოობმუდსმენის ოფისთან, ამავდროულად კონსულტაციებს ვგეგმავთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, ეს იქნება არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ დიპლომატიური კორპუსი, რათა ეს მნიშვნელოვანი საწარმოო რესურსი პირველ რიგში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას მოხმარდეს"-აცხადებს მურმან პატარაია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა