მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიოლს“ HotelStars Union-ის სტანდარტებით 5-ვარსკვლავიანი Superior-სასტუმროს სტატუსი მიენიჭა

63ef58abda9ee
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.23 14:53
679
თბილისთან ახლოს მოქმედმა, მაღალი კლასის გამაჯანსაღებელმა კურორტმა „ბიოლი“ 2022-2024 წლებში HotelStars Union-ის სტანდარტების მიხედვით 5-ვარსკვლავიანი Superior-სასტუმროს სტატუსი მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ ველნეს კურორტის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

BM.GE მოპოვებულ აღიარებასთან დაკავშირებით ველნეს კურორტის დამფუძნებელს თამაზ მჭედლიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ეს აღიარება გუნდის თავდადებისა და სტუმრებისთვის გამორჩეული გამოცდილების გაზიარების ძალისხმევის შედეგია.

„ევროპული სტანდარტების მიხედვით ერთ-ერთმა კომპანიამ საქართველოში ჩაატარა ჩვენი სასტუმროს მონიტორინგი. მათი დასაბუთებით 5-ვასკვლავი Superior სასტუმროს ჯილდო მოგვენიჭა.

ეს შეფასება და ჯილდო ჩვენ ოფიციალურად მოგვენიჭება, რაც საერთაშორისო საძიებო სისტემებშიც აისახება და საქართველოში მოგზაურობის მსურველები ძიებისას ნახავენ, რომ თბილისიდან სულ რაღაც 20 წუთში ამ სტანდარტების გამაჯანსაღებელი სასტუმრო ოპერირებს“, - აღნიშნავს თამაზ მჭედლიძე.

„ბიოლს“ აღნიშნული მაღალი შეფასება საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის შემოწმების შედეგად მიენიჭა, რომელიც ევროპის სასტუმროებისა და რესტორნების ქოლგა ასოციაციის (Hotrec) ოფიციალური წევრი 2021 წლიდანაა.

ფედერაციის პრეზიდენტი ქეთი მელაძე BM.GE-სთან განმარტავს, რომ ევროპული ორგანიზაცია 247 ჰარმონიზებული კრიტერიუმით ევროპისა და სხვა ქვეყნების მასშტაბით სასტუმროებს ამოწმებს და მათი ოპერირების შესაბამისად ანიჭებს ვარსკვლავებს, რომელიც სასტუმროს ბრენდულს ხდის.

„ევროპის სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაცია გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის სტანდარტების სისტემაზეა შექმნილი. საქართველო ორგანიზაციაში პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელიც ოფიციალურ წევრად მიიღეს. ეს საქართველოსთვის და აქ მოქმედი სასტუმროებისთვის ძალიან დიდი ბენეფიტია. მანამდე ჩვენ არ გვქონდა სასტუმროების შეფასების სისტემა. ახლა კი ორგანიზაციაში შემავალი HotelStar Union-ის სისტემით გვაქვს სრული უფლება საქართველოში მოქმედ სასტუმროებთან თანამშრომლობით შევამოწმოთ ისინი და შესაბამისი ვარსკვლავები მივანიჭოთ. შემოწმების შემდეგ სასტუმროები ერთ-ერთ დიდ პლატფორმაზე TripAdvisor-ზე ინტეგრირდება და მათი შეფასება, არამხოლოდ მომხმარებელთა დახასიათების მიხედვით, არამედ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ბიოლი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება“, - განმარტა ქეთი მელაძემ და დასძინა რომ ევროპულ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ ფედერაციამ საქართველოში 50 სასტუმროს შემოწმება და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მათ სტატუსი მიანიჭა.