მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბირდი": "გამოწვევაა კომპანიებთან ურთიერთობა, არის შემთხვევა, როცა მათგან უკუკავშირი საერთოდ არ გვაქვს"

628684085e311
ალა ისპირიანი
20.05.22 00:30
973
ქართული სტარტაპი „ბირდი“, სადაც უკვე შვიდი წელია კედლის დეკორს და სხვადასხვა ნაკეთობებს ამზადებენ, პოტენციურ დამკვეთებთან არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

როგორც Bm.ge-სთან „ბირდის“ დამფუძნებელმა მაგდა სოლოღაშვილმა განაცხადა, პროდუქციის რეალიზაციის ზრდის მიზნით კომპანიებთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვთ, თუმცა რატომღაც ხშირია შემთხვევები, როცა მათგან უკუკავშირი საერთოდ არ არის.

„სტარტაპი 2015 წელს დავიწყეთ. ცნობადობა ამაღლდა, მოთხოვნა გაიზარდა. თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი ადამიანი მყავს დასაქმებული. ადგილობრივ ბაზარზე წლიურად დაახლოებით 6 000 ლარის პროდუქციის რეალიზაცია ხდება. გვაქვს სურვილი, რომ გავიზარდოთ და განვითარდეთ, თუმცა მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყურადღებას აქცევენ ცნობადი ადამიანი ხარ თუ არა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯერ ცნობილი ადამიანი უნდა იყო, რომ მერე შენი პროდუქციით დაინტერესდნენ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელმაც სტარტაპი დავიწყე და განვითარება მინდა.

რაც ბაზარზე ვართ არაერთი კომპანიისთვის მიგვიმართავს, შეთავაზება მაქვს გაკეთებული რესტორნებისთვის და სასტუმროებისთვის, კაფე-ბარებისთვის, სამშენებლო კომპანიებისთვის და სხვა, რომ მოვერგო მათ დიზაინს, თუმცა ხშირ შემთხვევაში უკუკავშირი საერთოდ არ არის“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზარს, კომპანიის დამფუძნებელის თქმით, პანდემიამდე პროდუქციის ექსპორტზე გატანის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ამჟამად საზღვარგარეთ მხოლოდ საცალო გატანა ხორციელდება.

„პროდუქცია ონლაინ იყიდება. გვაქვს მიწოდების სერვისი. კერძო შეკვეთა ბევრია. მაგალითად პანდემიის დროს სარკეებზე იყო დიდი მოთხოვნა. იმდენად დიდი, რომ  პანდემია ფაქტობრივად არ გვიგრძნია, სულ ვმუშაობდით. ახლა უფრო მეტად საკიდებზე, ტანსაცმლის და სამზარეულოს აქსესუარებზეა მოთხოვნა. არის კორპორაციული შეკვეთებიც. რაც შეეხება ექსპორტს, პანდემიამდე ვაპირებდით გასვლას თუმცა პანდემიის დაწყების შემდეგ ვერ მოხერხდა და ჯერ-ჯერობით ველოდებით, როგორი სიტუაცია იქნება მსოფლიოში“- განაცხადა მაგდა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს „ბირდში“ ამბობენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გაჩერებას არ აპირებენ და სამომავლო გეგმები ბევრია: „სახელოსნო მაღაზიის გაკეთება გვინდა, მაგრამ ეს გრძელვადიანი გეგმაა. ახლა და მალე ამას ჩვენი სახსრებით ვერ მოვახერხებთ.  ინტერიერის მოწყობაზე მუშაობის სურვილი გვაქვს, ეს იქნება ცალკეული სასტუმროს ნომერი, კაფე თუ რესტორანი, რომელიც ჩვენი ნივთებით გამორჩეული იქნება. კომპანიებთან ურთიერთობა გვინდა და თხოვნა მექნებოდა გამოგვეხმაურონ“.