მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა

638484134b693
გიორგი თოლორდავა
28.11.22 14:01
984
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის უაღრესად მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება. მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე საათში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება დამატებით 3%-ით, 81-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა; WTI Crude-ის ფასი კი 74 დოლარამდე დაეცა.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟა ოფიციალურად ჯერაც არ გახსნილა, 25 ნოემბერს კი ბოლო ფასად 66 დოლარი დაფიქსირდა. საგულისხმოა, რომ მეორეულ ბირჟაზე ტრეიდერებს შორის რუსული ნავთობი ისევ ივაჭრება და მისი ფასი ამჟამად ბარელ Urals-ზე 60 დოლარზე დაბალია, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ტრეიდერებს შორის მხოლოდ ნავთობის მცირე მოცულობა ივაჭრება და ის ბირჟის ზოგად ტენდენციას ზუსტად არ ასახავს.

ნავთობის ფასების შემცირება ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რეკორდულ ზრდასთან და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებთანაა დაკავშირებული. მოსახლეობა მოითხოვს, რომ მთავრობამ მკაცრი რეგულაციებისა და ლოკდაუნების დაწესება შეწყვიტოს.

ლოკდაუნებს უაღრესად ნეგატიური გავლენა აქვს ჩინეთის ეკონომიკურ აქტივობასა და მობილობაზე, რაც, თავის მხრივ, საწვავზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. მოგეხსენებათ, ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, მისი ეკონომიკის შეზღუდვა კი პირდაპირ ახდენს გავლენას ენერგორესურსების ფასებზე.

ბირჟის მამოძრავებელი მეორე ძირითადი ფაქტორი "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაა. G7 და ევროკავშირი ამჟამად რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებას განიხილავენ, თუმცა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საჯაროდ ავრცელებს მუქარას, რომ რუსეთი ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ფასის ლიმიტს დააწესებენ.

აგრეთვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ის მთავრობა ვენესუელის ნავთობინდუსტრიაზე დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმების და შემზღუდავი მექანიზმების შემსუბუქების გადაწყვეტილებას იღებს. უმსხვილეს ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანია Chevron-ს ვენესუელაში საქმიანობის გაგრძელებისა და ნავთობის მოპოვების უფლება მიეცა.

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, საუბარია ნავთობის შედარებით მცირე მოცულობაზე, რომელსაც საერთაშორისო ბირჟაზე გავლენის მოხდენა ვერ შეეძლება. ცნობისთვის, ნავთობის მოპოვებით გამომუშავებული თანხა არა უშუალოდ ვენესუელის მთავრობას გადაეცემა, არამედ ის Chevron-ის წინაშე არსებული ვალის გადაფარვას მოხმარდება.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში აშშ-ის მთავრობამ ვენესუელის ენერგორესურსები ევროპის დასახმარებლად და საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების გასაზრდელად გამოიყენოს.