მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა

647722ee60ff2
გიორგი თოლორდავა
31.05.23 14:36
3266
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - 24 საათში ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ით შემცირდა; ერთკვირიან ჭრილში კი ბარელი ნავთობის ფასი თითქმის 9%-ითაა შემცირებული. ამჟამინდელი მონაცემებით, Brent-ის ღირებულება 72 დოლარს შეადგენს; WTI-ის ფასი კი 68 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ერთთვიან პერიოდში ნავთობი 10%-ითაა გაიაფებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ვარდნის მაჩვენებელი 40%-ს აღწევს.

მკვეთრად ეცემა რუსული ნავთობის ფასიც, ბოლო სავაჭრო სესიაზე Urals-ის ღირებულება 4%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელის ფასი 55 დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ერთწლიან პერიოდში კი რუსული ნავთობი ბირჟაზე 45%-ითაა გაიაფებული.

ნავთობის ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია ჩინეთში საწარმოო აქტივობის შემცირებასთან. სწორედ დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩინური საწარმოო ინდექსი გასული თვის განმავლობაში 0.4 პუნქტით შემცირდა, რაც პანდემიის შემდეგ ინდექსის ვარდნის პირველი შემთხვევაა. ეს სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ეკონომიკა აღდგენას დაგეგმილი სიჩქარით ვერ ახერხებს, რაც, თავის მხრივ, ნავთობზე მოთხოვნას ამცირებს.

მოგეხსენებათ, ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია, მისი ეკონომიკის შენელება კი ენერგორესურსების ფასებზე ნეგატიურად აისახება.

მეორე საკითხი OPEC-ის მომდევნო შეხვედრას უკავშირდება, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოსაა დაგეგმილი. სავარაუდოდ, OPEC-ის წევრი სახელმწიფოები ნავთობის მიწოდებას უცვლელად დატოვებენ, რაც აგრეთვე გაზრდის ფასებზე ზეწოლას.