მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა მოლების გახსნის გეგმას, რომელიც ბიზნესისგან მოისმინა, საკოორდინაციო საბჭოს გააცნობს

5fdca24c2be51
ინგა მურუსიძე
18.12.20 16:31
1299
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, სავაჭრო მოლებსა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. ნათია თურნავას განცხადებით, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი არსებობს იმისა, თუ რა უნდა შესრულდეს, თუკი გადაწყდება, რომ 24 დეკემბერს სავაჭრო ობიექტები გაიხსნას.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ვერსია იყო მათ შორის სამუშაო საათების გახანგრძლივებაც. თურნავას განცხადებით, შესაძლოა გარკვეული კომპრომისული გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

„სავაჭრო ობიექტებისგან მოვისმინეთ, რომ მზად არიან გაიხსნან 24-ში, მზად არიან არ დაუშვან ისეთი რიგები, სადაც არ იქნება დაცული ეპიდემილოგების მიერ დაწესებული რეგულაციები, არ იქნება აჟიოტაჟური ქცევა, როგორიც ე.წ. შავ პარასკევს ვიხილეთ. ძალიან კარგია, რომ მოვისმინეთ სხვადასხვა ძალიან საინტერესო ინიციატივა, თუ როგორ მართონ დღის განმავლობაში მომხმარებლის ქცევა. ასევე შეიძლება აქციები დღის პირველ ნახევარში იყოს და არა მეორე ნახევარში, რაც გადაანაწილებს მომხმარებლებს. ასევე მოვისმინეთ მოსაზრებები, თუ როგორ იმართება რიგი ტერიტორიის გარეთ. იქნება ბარიერები და ა.შ.“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობის ინდუსტრია, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე ის ეპიდემიოლოგიური მონაპოვარი, რაც დღეს არის.

თურნავას თქმით, ის დღევანდელი შეხვედრის შედეგებს გადასცემს უწყებათშორის საბჭოს და გადაწყვეტილებას სწორედ საბჭო მიიღებს.

"შავი პარასკევი იყო ძალიან ცუდი მაგალითი, რამაც გააჩინა დიდი კითხვის ნიშნები საზოგადოებაშიც და ჩვენს შორისაც. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ახლა გახსნა მთავრობიდანაც და გახსნილი ობიექტებისგანაც. შეხვედრები იმიტომ იმართება, რომ დავრწმუნდეთ სექტორის მზაობაში. დღეს ძალიან დამაიმედებელი ინფორმაცია მოვისმინეთ, თუმცა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საბჭომ", - განმარტა თურნავამ.