მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასი მკვეთრად დაეცა - კრიპტოაქტივების გაუფასურების მიზეზები

6328550d4d82b
გიორგი თოლორდავა
19.09.22 16:20
2163
საერთაშორისო ბირჟაზე კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა - 24 საათში ბიტკოინი 6.2%-ით, 18,500-დოლარიან ნიშნულამდე გაუფასურდა; ერთკვირიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი კი 16%-ს აღწევს.

რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტა ეთერიუმს, რომელმაც გასულ კვირას ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება მიიღო, მისი ფასი ბირჟაზე ერთ დღეში თითქმის 9%-ითაა შემცირებული, ერთ კვირაში კი - 25%-მდე. ამჟამად ETH-ის სავაჭრო ფასი 1,300 დოლარს შეადგენს.

კრიპტობირჟის ვარდნა პირდაპირ კავშირშია მიმდინარე კვირას აშშ-ში ფედერალური რეზერვის მონეტარული კომიტეტის შეხვედრასთან, სადაც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის საკითხი უნდა გადაწყდეს.

ინფლაციის დონის მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირების გამო, მაღალია იმის შანსი, რომ FED-მა აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა აირჩიოს და განაკვეთი არა პროგნოზირებული 75 საბაზო პუნქტით, არამედ 100 საბაზო პუნქტით (1%) გაზარდოს, რაც ძირითად განაკვეთს 3.25%-იან ნიშნულამდე მიიყვანს.

ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უაღრესად ნეგატიური გავლენა აქვს კრიპტო და საფონდო ბირჟებზე, რადგან გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ინვესტორები სარისკო პოზიციების შემცირებას და პორტფელის დაცვას ცდილობენ, მსგავსი მაკროეკონომიკური ვითარება კი განსაკუთრებით არახელსაყრელია სპეკულაციური ბაზრებისთვის.

იმ შემთხვევაში თუ ფედერალური რეზერვი აგრესიულ პოლიტიკას აირჩევს, სავარაუდოდ, კრიპტობირჟის დაღმასვლის ტენდენცია მოკლევადიან პერსპექტივაში გაგრძელდება, სანამ ბაზარი ახალ წონასწორობის წერტილს არ იპოვის და ეკონომიკური რისკები ფასებზე სათანადო ასახვას არ პოვებს.

ამჟამად კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 912 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან $360 მილიარდი ბიტკოინზე მოდის, $160 მილიარდი კი - ეთერიუმზე.