მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა

6333f11270487
გიორგი თოლორდავა
28.09.22 10:56
1112
საერთაშორისო ბირჟაზე კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა - 24 საათში ბიტკოინი 7.2%-ით, 18,500-დოლარიან ნიშნულამდე გაუფასურდა.

რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტა ეთერიუმს, რომელმაც ორი კვირის წინ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება მიიღო, მისი ფასი ბირჟაზე ერთ დღეში თითქმის 8%-ითაა შემცირებული, ამჟამად კი ETH-ის სავაჭრო ფასი 1,280 დოლარს შეადგენს.

კრიპტობირჟის ვარდნა პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით რეცესიის განვითარების რიკების ზრდასთან, რაც თავის მხრივ, წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან და საერთაშორისო სასურსათო თუ ენერგეტიკულ ბირჟებზე რესურსების მკვეთრად გაძვირებასთანაა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ინგლისის ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახა გლობალურ კრიპტო და საფონდო ბირჟებზე.

აგრეთვე გასათვალისწინებელია რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი, რომელიც ევროპის მასშტაბით ისევ უმწვავეს პრობლემად რჩება, განსაკუთრებით კი ახლა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებისა და ბირთვული იარაღის გამოყენების რიტორიკის გახშირების ფონზე.

იმ შემთხვევაში, თუ ომის მიმდინარეობა გამწვავდება და მის პარალელურად მონეტარული პოლიტიკის აგრესიული გამკაცრება გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ კრიპტო და საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის ტენდენცია გაგრძელდება, გაურკვევლობის ფონზე კი ბირჟაზე მაღალი ვოლატილობა შენარჩუნდება.

ამჟამად კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 916 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან $360 მილიარდი ბიტკოინზე მოდის, $157 მილიარდი კი - ეთერიუმზე.