მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა კრიპტოვალუტების ფასები მკვეთრად ეცემა - გამომწვევი მიზეზები

62a6d958f218f
გიორგი თოლორდავა
13.06.22 10:32
9340
მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა.

გასულ 24 საათში კრიპტო-ბირჟის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 6.5%-ით, $1-ტრილიონიან ნიშნულამდე შემცირდა; ბიტკოინის საბაზრო ფასი 8.1%-ით დაეცა და ამჟამად 25,000 დოლარს აღწევს, ხოლო რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის - ეთერიუმის ღირებულება 8.5%-ითაა შემცირებული და 1,300 დოლარს შეადგენს.

ბიტკოინისა და ეთერიუმის გაუფასურების პარალელურად, მკვეთრად მცირდება სხვა კრიპტოვალუტების საბაზრო ღირებულებაც: BNB (-6.3%); XRP (-6.6%); ADA (-9.9%); SOL (-12.5%); DOGE (-10.5%).

კრიპტო-ბირჟის მკვეთრი დაღმასვლა ზოგადი საფონდო ბირჟების და სპეკულაციური ბაზრების ვარდნასთანაა დაკავშირებული, რისი გამომწვევი მიზეზიც, თავის მხრივ, აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური ბიუროს მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემებია. უწყების ცნობით, გასულ თვეს აშშ-ში ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა და წლიური ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 1981 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მნიშვნელოვნად იზრდება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკები, რასაც ტრადიციული თუ კრიპტობირჟებისთვის ნეგატიური გავლენა აქვს, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ინვესტორები სარისკო პოზიციებს ამცირებენ და კაპიტალის დაბანდებისგან თავს იკავებენ.

საგულისხმოა, რომ უოლ-სრიტზე ბოლო ოფიციალური სავაჭრო სესია, რომელიც პარასკევს შედგა, უაღრესად არასახარბიელო იყო ზოგადი საფონდო ინდექსებისთვის: აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების საერთო ღირებულება (S&P 500) თითქმის 3%-ით შემცირდა; Dow Jones-ის ინდექსი 2.7%-ით დაეცა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსი 3.5%-ითაა შემცირებული.

მართალია, მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია ჯერაც არ დაწყებულა, თუმცა ფიუჩერსული კონტრაქტების ამჟამინდელი ღირებულება ცხადყოფს, რომ ბირჟა დაღმასვლის ძლიერი ტენდენციისაკენაა მიმართული და, სავარაუდოდ, უოლ-სტრიტსა თუ კრიპტო-ბირჟაზეც ორშაბათი არასახარბიელო შედეგებით დასრულდება.