მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუბიუ" სეს-ს პასუხობს: სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ წარმოებულ პროდუქციასა და მის ხარისხზე

5dc3fe3c780a2
BM.GE
07.11.19 15:19
2254
კომპანია “ბიუბიუ” განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ეხმაურება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს.

გთავაზობთ კომპანიის განცხადებას:

“გვინდა გამოვეხმაუროთ სურსათის ეროვნული სააგენტოს გუშინ საღამოს გაკეთებულ განცხადებას. უპირველეს ყოვლისა გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ წარმოებულ პროდუქციაზე და მის ხარისხზე.

ჩვენ ყოველთვიურად ვაწარმოებთ 1200 ტონა ხორცს და შესაბამისად, ჩვენს პროდუქციას ყოველდღიურად მოიხმარს ასი ათასობით ადამიანი. თითოეულ წარმოებულ პარტიაზე ჩვენ ვაკეთებთ ლაბორატორიულ კვლევას და აღნიშნულით კიდევ ერთხელ უზრუნველვყოფთ წარმოებული პროდუქციის უვნებლობას და ხარისხის კონტროლს.

რაც შეეხება მოწამვლას, რომელიც მოხდა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, ჩვენი ინფორმაციით 11 მოწამლული ადამიანიდან მხოლოდ 2 ადამიანს დაუდგინდა სალმონელა. აღსანიშნავია, რომ სალმონელა არის 2000-ზე მეტი შტამის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვაც ხდება მხოლოდ 2 ტიპის სალმონელაზე Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი), რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ქათამს ვცრით. ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ თერმული დამუშავების დროს ამ ორი ტიპის სალმონელას გაუვნებლობაც ხდება. ჩვენ როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მათთან შეთანხმებით ამ საკითხის მიკვლევადობის მიზნით უნდა მომხდარიყო სალმონელას ტიპიზაცია ლუგარის ლაბორატორიაში. თუმცა სამწუხაროდ, ტიპიზაციის შედეგების გარეშე გუშინ საღამოს მოხდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განცხადების გაკეთება, რომელიც უსაფუძვლოდ ახდენს კომპანიის რეპუტაციის შელახვას.

თითოეულ ჩვენ მომხმარებელს გვინდა მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ და ვიზრუნებთ, რომ თქვენ მოგაწოდოთ უვნებელი, ხარისხიანი და საქართველოში წარმოებული პროდუქცია. ასევე აუცილებლად განვაგრძობთ თქვენს ინფორმირებას ამ საკითხთან დაკავშირებით”,- ნათქვამია განცხადებაში.


გუშინ გვარცელდა ინფორმაცია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა. სააგენტოს ინფორმაციით, 21 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 ადამიანი მოიწამლა.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტომ იმავე დღეს ბიზნესოპერატორთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.