მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის დანაკლისი დაახლოებით, 2,5 მლრდ ლარამდე გვექნება - ირაკლი კოვზანაძე

5ea3e3c705932
BM.GE
25.04.20 11:20
892
"ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ბიუჯეტში დანაკლისებია, განსაკუთრებით, საგადასახადო ნაწილში. წლის ბოლომდე შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება იქნება. ეს უკვე აპრილში ჩანს, მაისში კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გვექნება. დანაკლისი დაახლოებით, 2-2, 5 მლრდ ლარამდე გვექნება", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ტვ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში ქვეყანას მოუწევს მკაცრი ეკონომიიის პირობებში ცხოვრება. მისივე განმარტებით, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც პრემიერმა წარმოადგინა, ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის ახლად წარმოქმნილი პრობლემების შემსუბუქებას.

"ვიცით, რომ ჩვენ 1,5 მლრდ დოლარს მივიღებთ საჯარო ნაწილისთვის, რაც ბიუჯეტისა და ცენტრალური ბანკის რეზერვებისკენ მიიმართება, მეორე 1,5 მლრდ დოლარი არის კორპორატიული სექტორისთვის. ამ თანხებმა საშუალება მოგვცა, რომ დავაბალანსოთ ბიუჯეტში არსებული დანაკლისები და ჩამოგვეყალიბებინა ეს პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოხდა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ის, რომ ორი ფრონტოფისი - ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი კრიზისს მომზადებული დახვდა, ეს შედეგია სწორი საზედამხედველო და მაკროეკონომიკური პოლიტიკის. მისივე შეფასებით, ინსტიტუციურად პარლამენტმა და მთავრობამ ერთად სწორად იმუშავეს.

"ყველა კომპონენტი, განსაკუთრებით, კაპიტალის ბუფერები კომერციული ბანკისათვის, ლიკვიდურობის კოეფიციენტები და გადახდისუნარიანობა დღეს არის ისეთი, როგორიც გვჭირდება, მაგრამ ლიკვიდურობა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ყოველდღიურ კონტროლს საჭიროებს და ამ პროგრამაში არის დამატებით 600 მილიონიანი კომპონენტი კომერციული ბანკებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ამასთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ბიზნესის მხარდაჭერისთვის ისევ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარება იქნება საჭირო.

"დღეს ეკონომიკა არის კონსერვაციის პირობებში. ჩვენ დაგვჭირდება საკმაოდ მნიშვნელოვანი პაკეტის მომზადება, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის რეაბილიტაცია და, აქედან გამომდინარე, როგორი იქნება წახალისების მექანიზმები", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.