მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის დეფიციტი 4.9 მილიარდ ლარს გადააჭარბებს - PMCG-ის პროგნოზი

5ec3c0c59dc44
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.20 15:33
2420
PMCG-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოს ფისკალურ სექტორზე COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის შეფასება წარადგინა. ორგანიზაციის მიერ მომზადებული შეფასება სამი სცენარისგან შედგება და თითოეული მათგანი ეკონომიკის განვითარების განსხვავებულ მოდელს წარმოადგენს.

ეკონომიკის განვითარების სამი შესაძლო ალტერნატივა:

პირველი პროგნოზი ოპტიმისტური სცენარია, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საგადასახადო შემოსავლები 1.756 მილიარდი ლარით შემცირდება. მეორე პროგნოზი ნაკლებად პესიმისტურ სცენარს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის გადასახადების დანაკლისი 2.208 მილიარდი ლარი იქნება. მესამე ალტერნატივა კი ძალიან პესიმისტური სცენარია, რომლის მიხედვითაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საგადახადო შემოსავლების ვარდნა 2.843 მილიარდი ლარი იქნება.

COVID-19-ის კრიზისის ფონზე, სახელმწიფო საგარეო სესხების მოზიდვის მეშვეობით ეკონომიკის დახმარების რამდენიმემილიარდიანი პროგრამის განხორციელებას გეგმავს. ეს კი თავისმხრივ ბიუჯეტის ჯამური მოცულობის ზრდას იწვევს. იმის გამო, რომ ერთის მხრივ საგადასახადო შემოსავლები შემცირდება, ხოლო ამავდროულად სახელმწიფო ხარჯვა გაიზრდება - ეს ჯამურად ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას გამოიწვევს.

PMC კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი. კერძოდ:

● ოპტიმისტური სცენარი - ბიუჯეტის დეფიციტი 4.9 მილიარდი ლარი;
● ნაკლებად პესიმისტური სცენარი - ბიუჯეტის დეფიციტი 5.4 მილიარდი ლარი;
● ძალიან პესიმისტური სცენარი - ბიუჯეტის დეფიციტი 6.47 მილიარდი ლარი.

“ოპტიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში, ბიუჯეტის დეფიციტი, სავარაუდოდ, 4905 მილიონი ლარს გაუტოლდება, ნაკლებად პესიმისტური სცენარის შემთხვევაში - 5437 მილიონ ლარს, ხოლო ძალიან პესიმისტური სცენარის მიხედვით - 6474 მილიონ ლარს. ამ ცვლილების მასშტაბის უკეთ წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის დეფიციტი, როგორც მშპ-ის პროცენტული წილის გამოსახვა - ოპტიმისტურ სცენარში ეს მაჩვენებელი 3.1%-დან 9.8%-მდე გაიზრდება, ხოლო ნაკლებად პესიმისტური და ძალიან პესიმისტური სცენარების შემთხვევაში, ის გაუტოლდება, შესაბამისად, 11.2%-ს და 14.1%-ს. გაზრდილი ბიუჯეტის დეფიციტი გაზრდის სახელმწიფო ვალს, მშპ-ის 53%- მდე ოპტიმისტურ სცენარში, რაც 10 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი თავდაპირველად დაგეგმილთან (42.7%) შედარებით. ნაკლებად პესიმისტური ან ძალიან პესიმისტური სცენარების შემთხვევაში სახელმწიფოს ვალი მშპ-სთან მიმართებით, შესაბამისად, 56.1% ან 61.4% იქნება. გაზრდილი ვალი აისახება სამომავლოდ გაზრდილ გადასახადებში, რასაც COVID-19 კრიზისის ტვირთი გადააქვს მომავალ თაობებზე.

დონორული დაფინანსება:

ბიუჯეტის დასაბალანსებლად საჭიროა საგარეო დაფინანსების მოძიება. 14 აპრილს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა 1,5 მილიარდ დოლარის ოდენობით დონორების დაფინანსების შესახებ, რომელიც გეგმის თანახმად, უნდა გადანაწილდეს 2020 წლის დარჩენილ პერიოდზე. დონორების მიერ გაცხადებული და დამტკიცებული დაფინანსება მოცემულია მესამე ცხრილში. ასევე, ცნობილია, რომ ამ 1,5 მილიარდი დოლარიდან 250 მილიონი გამოყოფილია საქართველოს ეროვნული ბანკის დასახმარებლად IMF-ის მიერ14, შესაბამისად, ის არ შედის საბიუჯეტო დახმარებაში. ამავდროულად, კერძო სექტორის მხარდასაჭერად გამოყოფილი იქნა 1,5 მილიარდი დოლარი, რომლიდანაც 200 მილიონი უკვე დამტკიცებულია სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დონორი ორგანიზაციების გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა დაახლოებით ერთი თვის წინ, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ამ თანხების სრული გადანაწილება. ამ დროისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის დახმარება უტოლდება $481.5 მილიონ დოლარს, ხოლო დაანონსებული დახმარება - $470 მილიონ დოლარს, რაც ჯამში $951.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

რეკომენდაციები

1. მნიშვნელოვანია დაგეგმილი საბიუჯეტო ხარჯების პრიორიტეტის შეცვლა პანდემიით გამოწვეული დანახარჯების გათვალისწინებით. არსებული სახელმწიფო ვალი და პანდემიით გამოწვეული ბიუჯეტის დეფიციტის გარდაუვალი ზრდა კიდევ უფრო ართულებს გადაუდებელი ჯანდაცვის და სოციალური საჭიროებების დაფინანსებას. მთავრობამ უნდა შეაფასოს ჯანდაცვის სისტემის სწრაფი რეაგირებისა და დახმარების პაკეტებისთვის საჭირო რესურსები, ასევე, უნდა გამოავლინოს და შეამციროს დაბალი პრიორიტეტის მქონე დანახარჯები (მიმდინარე და კაპიტალური) გადაუდებელი ხარჯებისა და პოსტ-კრიზისული გეგმის განხორციელებისათვის. ამასთან, დამატებითი შემოსავლების გენერირების მიზნით, რეკომენდირებულია, მთავრობამ მიმართოს პრივატიზაციას.

2. სახელმწიფოს დახმარება მიმართული უნდა იყოს ყველაზე მეტად დაზარალებული ფირმებისა და შინამეურნეობებისკენ. ამასთან, მთავრობამ უნდა უგულებელყოს დახმარების პაკეტების შემუშავებისას ლობისტების ზეწოლა. მაშინ, როდესაც განვითარებული ეკონომიკის მქონე მთავრობებს აქვთ ფართომასშტაბიანი დახმარების გაცემის შესაძლებლობა, განვითარებად ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბიუჯეტი ნაკლებად იძლევა ამის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, დახმარების პაკეტის შემუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ის ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. ასევე, მნიშვნელოვანია შემუშავდეს მკაფიო კრიტერიუმები სექტორული დახმარების განსასაზღვრად. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთ სექტორებს/ქვე-სექტორებს, რომელთაც სრულად (ან თითქმის სრულად) შეწყვიტეს საქმიანობა პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და, ამასთან, მოსალოდნელია მათზე მოთხოვნის მკეთრი შემცირება (მაგ: ტურიზმი და მისი ქვე-სექტორები).

3. ფისკალური რისკების ასარიდებლად და კრიზისული მდგომარეობის დასაძლევად მთავრობის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის გაუმჯობესება. მთავრობამ უნდა გააძლიეროს შემოსავლებისა და დანახარჯების, ასევე, სახელმწიფო ვალისა და ლიკვიდურობის მონიტორინგი. ამასთან, აუცილებელია, მოხდეს ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების ადეკვატურად შეფასება და მონიტორინგი,”-ნათქვამია ანგარიშში.