მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის დეფიციტი ინფლაციის ერთ-ერთი რისკფაქტორია - ევა ბოჭორიშვილი

61af35529c425
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.21 09:45
761
2022 წლის ბიუჯეტი 4.2%-იან დეფიციტზე არის დაგეგმილი, თუმცა პანდემიური კრიზისის გამო, როგორც 2021-ის ასევე 2020 წელს დეფიციტი განსაკუთრებულად მაღალი იყო. შარშან დეფიციტმა რეკორდულ 9.4%-ს მიაღწია, წელს კი 6.7%-მდე შემცირდა. მაღალი დეფიციტით ბიუჯეტის დაფინანსებას აქვს უკუჩვენება და ის ინფლაციაში გამოისახება.

როგორც Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, სებ-ი დეფიციტს ინფლაციის რისკფაქტორად განიხილავს - “ეროვნული ბანკის მიერ ასევე იყო ნახსენები ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად, რომელიც ჩვენც ვხედავთ, რომ არის რისკ-ფაქტორი.”

თუმცა, მეორე მხრივ, მთავრობის მიერ ვალის სახით მოზიდულ თანხებს წელს ფისკალური სტიმულის სახე ჰქონდა და მან ეკონომიკურ აღდგენაში გარკვეული წვლილიც შეიტანა.

“აღდგენაზე წელს ბევრი ფაქტორი მოქმედებდა, ეს იყო ფისკალური სტიმულირებები, რადგან ბიუჯეტის დეფიციტი წელს კვლავ მაღალი იყო, ასევე საგარეო შემოდინებების საკმაოდ მაღალი ტემპი, ფულადი გზავნილები, ექსპორტი, აგრეთვე ტურიზმის აღდგენის დინამიკაც საკმაოდ კარგი იყო. საკმაოდ ბევრი ფაქტორი იყო, მათ შორის დაგროვილი მოთხოვნა და საბანკო დაკრედიტება და სხვა ფაქტორები,” - ამბობს ევა ბოჭორიშვილი.

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, არსებობს ალბათობა, რომ დღეს რეფინანსირების განაკვეთი ზრდის მიმართულებით შეიცვალოს.

რეფინანსირების განაკვეთი წელს უკვე სამჯერ შეიცვალა და ის აგვისტოში 10%-ს გაუტოლდა, რისი მიზეზიც ქვეყანაში რეკორდულად გაზრდილი ინფლაციაა. ოქტომბერში ინფლაცია 12.5% იყო, IMF-ის შეფასებით, ფასების წლიური მატების მხრივ საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეთექვსმეტე ადგილზეა.

Galt & Taggart-ის შეფასებით, მომდევნო წლიდან ქვეყანაში ინფლაციის შემცირება უნდა დაიწყოს, თუმცა სებ-ის ბოლოდროინდელი ზეპირი განცხადებები მიანიშნებენ იმაზე, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირების უფრო ნელ ტემპს ელოდება.

10 ნოემბერს კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მარტიდან ინფლაციის კლება უნდა დაიწყოს, თუმცა ის იქნება უფრო მაღალი, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

“ბოლო პერიოდის ზეპირი განცხადებები სებ-ის მხრიდან განსხვავდება კომიტეტის გადაწყვეტილებისგან, სადაც ინფლაციას მოიაზრდებდნენ ძირითადად საგარეო ერთჯერად ფაქტორად და ყველაზე დიდი 8-9 პროცენტული პუნქტის კონტრიბუცია მოდიოდა ამ საგარეო ფაქტორებზე, თუმცა ბოლო ზეპირი განცხადებები რაც თქვენ ახსენეთ იმის ვარაუდს იძლევა, რომ ხვალ შეიძლება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოხდეს განაკვეთის შემდგომი გაზრდა.

ზეპირი განცხადებების მიხედვით მოლოდინი ინფლაციის შემცირების არ არის ისეთი, რასაც თავიდან პროგნოზირებდნენ. ამიტომ ხვალინდელი სხდომა მნიშვნელოვანია და შეიძლება მოხდეს პოლიტიკის გამკაცრება. თუკი ამ ბოლოდროინდელ ზეპირ განცხადებებს გავითვალისწინებთ.

ასევე იყო ნახსენები ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად, რომელიც ჩვენც ვხედავთ რომ არის რისკ-ფაქტორი. თუმცა, საბაზისო სცენარით ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს მომავალი წლის გაზაფხულიდან,” - ამბობს ევა ბოჭორიშვილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 3%-ია, შესაბამისად, დღეს ქვეყანაში სამიზნეზე 9.5%-ით მაღალი ინფლაციაა.