მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის I ვარიანტში $500 მლნ ევრობონდის დაფარვაა ჩადებული

5f7dd3bb2bc67
შოთა ტყეშელაშვილი
07.10.20 19:01
1210
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საჯაროა - მთავრობა მომდევნო წელს 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ხარჯების ზრდის ძირითად მიზეზს ევრობონდების დაფარვა წარმოადგენს, რომლის მომსახურების ბოლო ვადაც სახელმწიფოსთვის 2021 წლის აპრილში იწურება. 

"ბიუჯეტის ზრდაში დიდი წილი უჭირავს ვალის დაფარვის ნაწილს, ეს არის 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვისთვის გათვალისწინებული თანხა. მომდევნო წელს ჯამში 3.2 მილიარდი ლარით სესხის აღებას ვგეგმავთ, ამავდროულად 2.6 მილიარდი ლარის ვალის დაფარვა არის გათვალისწინებული ბიუჯეტში, შესაბამისად, საერთო ჯამში ახალი ვალის ზრდა შეადგენს 530 მილიონ ლარს," - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის განხილვა გაიმართა. 

ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს ნაშთი კი, დასახარჯად 2021 წელს გადავა. ბიუჯეტის ამ მოცულობის ნაშთის შექმნა წელს მთავრობის მიერ 6.2-მილიარდიანი ახალი საგარეო ვალის აღებით არის განპირობებული.

ბიუჯეტის არსებული ვარიანტის თანახმად, 2021 წელს მთავრობა 2.2 მილიარდი ლარის ახალ საგარეო ვალს აიღებს და 2.6 მილიარდი ლარის ვალს მოემსახურება.

შედარებისთვის, 2020 წელს მთავრობამ საგარეო ვალის მომსახურებაზე 985 მილიონი ლარი დახარჯა. ვალის დაფარვის მოცულობის ზრდას მომდევნო წელს ევრობონდების დაფარვა განაპირობებს. მთავრობამ 2021 წლის აპრილში 10-წლიანი ვადიანობის $500 მილიონის მოცულობის ევრო-ობლიგაციები უნდა დაფაროს, შესაბამისად, ამ ვალდებულების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში დღეს 1.6 მილიარდ ლარს აღწევს.

როგორც ბიუჯეტის ვალის მდგრადობის ანალიზიდან ირკვევა, მთავრობას, ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი თუ რა გზით მოახდენს ამ ვალდებულების დაფარვას. კერძოდ კი, ვალის მომსახურების პირველი ალტერნატივა მისი სრულად დაფარვაა, მეორე ალტერნატივა კი მისი დაფარვა და სანაცვლოდ ახალი ვალის აღება ანუ რეფინანსირებაა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტში არსებული ნაშთი შესაძლოა ევრობონდების სრულად დაფარვისთვის იყოს გამოყენებული.

რამდენიმე დღის წინ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა "Forbes-ის კვირაში" განაცხადა, რომ მთავრობა "სერიოზულად ამუშავებს ვერსიას", რომ ამ ვალის მომსახურება ახალი კრედიტის აღების გარეშე ანუ მისი რეფინანსირების გარეშე მოხდეს.

"სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხა (ფისკალური ბუფერი) საშუალებას იძლევა ვირუსის შემდგომი ტალღის შემთხვევაში მთავრობამ ეფექტურად გაართვას თავი მოსალოდნელ ნეგატიურ მოვლენებს სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის გამოყენებით. იმ შემთხვევაში თუ ვირუსის შემდგომი გართულებები არ მოხდება და შესაბამისად, არ მოხდება დაგეგმილი ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ცვლილება, დეპოზიტზე დაგროვილი თანხა გამოყენებული იქნება შემდეგი წლების ფისკალური საჭიროებებისთვის, მათ შორის, შესაძლოა დაგროვილი თანხით მოხდეს 2021 წელს გადასახდელი 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდის დაფარვა.

2021 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია მთავრობის ვალის შემცირება 57.9%-დან 55,9%-მდე. საბაზისო სცენარის მიხედვით, მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობა ეტაპობრივად შემცირდება და 2030 წლის ბოლოსთვის მიაღწევს 44.0%-ს", - ნათქვამია ვალის მდგრადობის ანალიზში. 

საგადასახადო შემოსავლები:

2021 წლის ბიუჯეტით მთავრობა საგადასახადო შემოსავლების გაუმჯობესებას პროგნოზირებს. 2020 წლისთვის საგადასახადო გეგმა 9 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, 2021 წლისთვის კი, საგადასახადო შემოსავლების 10.45 მილიარდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი. პარლამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.