24.აპრილი .2020 16:27

ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები უკვე 300 მილიონი შევამცირეთ - გიორგი გახარია

views 377
უკან

BMG-ის კითხვაზე თუ რა სახის გადაჯგუფებას გეგმავს მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში და რა სახის ხარჯებზე იტყვის მთავრობა უარს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არსებული მდგომარეობით მიმდინარე ხარჯები უკვე 300 მილიონი ლარით შემცირდა. როგორც პრემიერი ამბობს, მთავრობა წელს ბიუჯეტის შემოსავლების 3.9 მილიარდიან დანაკლისს პროგნოზირებს. ამის დასაბალანსებლად, ქვეყანა დონორთა სახსრებს მიიღებს.

“დღეს მიმდინარე ხარჯების ნაწილში, შემცირება უკვე განხორციელებული არის 300 მილიონზე ოდნავ მეტი. რაც შეეხება იმ ნაწილს, რაც თქვენ თქვით. საბიუჯეტო დანაკლისი, დღეის შეფასებით, იმ პარამეტრებით რაც დღეს გვაქვს, არის დაახლოებით 3.9 მილიარდი ლარი. იმ დახმარების ნაწილიდან, რომელიც თქვენ თქვით, პირდაპირი ხარჯების სახით არის 80%. იქ ერთადერთი დამაბალანსებელი, სუბსიდიას რასაც ვაკეთებთ შენარჩუნებული სამუშაო ადგილის, საშემოსავლო გადასახადს ვუსუბსიდირებთ, ან 750 ლარის ოდენობით თუ ხელფასი არის 1500 ლარამდე, ეს არის ერთადერთი რომლის ფასიც არის 250 მილიონი ლარი.

სავარაუდოდ ბიუჯეტი იზრდება 3.9 მილიარდი ლარით.

მე ვთვლი, რომ დღეს [ბიუჯეტის წარდგენის] ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული რესურსი კიდევ შემდგომ, დონორებთან ეფექტურად მუშაობის და ეს პარამეტრები [დონორებისგან მიღებული სახსრების] შეგვიძლია კიდევ უფრო გავზარდოთ,”- ამბობს გიორგი გახარია.

3.5-მილიარდიანი ანტიკრიზისული გეგმის მიმართულებები ასეთია:

უმუშევრობა:

უმუშევრად დარჩენილი პირები, ვინც ხელფასს ხელშეკრულების საფუძველზე იღებდნენ და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს სამსახური, თვეში 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. დახმარება 6 თვე გაგრძელდება და ის 1200 ლარს შეადგენს.

დასაქმება და კომპანიების მხარდაჭერა:

ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას:

● 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლება საშემოსავალო გადასახადისგან;
● 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან
● ამაზე 250 მილიონი ლარი დაიხარჯება.

არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერადად 300 ლარს.

ამაზე დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ვინ მიიღებს 600 ლარის მოცულობის სოციალურ დახმარებებს:

6 თვის განმავლობაში, დამატებით საშუალოდ 100-ლარიან დახმარებას (ჯამში 600 ლარი) მიიღებენ:

● ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65,000-დან 100,000 ლარამდეა. ამით ისარგებლებს დაახლოებით 70,000 ოჯახი - 190,000 მოქალაქე. ამ ჯგუფზე დაიხარჯება 45 მილიონი ლარი.
● ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100,000 მდეა და ჰყავთ 3 და მეტი - 16 წლამდე ასაკის შვილი. ისარგებლებს დაახლოებით 21,000 ოჯახი - 130,000 მოქალაქე. ამ ჯგუფზე დაიხარჯება 13 მილიონი ლარი.
● მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. ისარგებლებს დაახლოებით 40,000 მოქალაქე. ამ ჯგუფზე დაიხარჯება 25 მილიონი ლარი.

პენსიების ზრდის ახალი მოდელის შემუშავება:

პენსიის ინდექსაციის წესის შემოღება 2021 წლის იანვრიდან და ის შემდეგ წესებს დაექვემდებარება:

● ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა;
● 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური მატება იქნება ინფლაციაზე მაღალი.
● მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.
● ძალაში რჩება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 1 ივლისიდან პენსიის 30 ლარით გაზრდა. ისარგებლებს დაახლოებით 410,000 პენსიონერი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა