მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტში კორექტირება შედის - შიდა ვალი რეკორდულ 900 მილიონ ლარამდე იზრდება

5d88e6f71cfd5
შოთა ტყეშელაშვილი
23.09.19 19:34
2318
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტი წარუდგინა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა წლის ბოლომდე ადგილობრივი საფინანსო ბაზრიდან ბიუჯეტის პროექტით თავდაპირველად გათვალისწინებულ 400 მილიონ ლარზე ნახევარი მილიარდი ლარით მეტს ისესხებს, რის შედეგადაც, საქართველოს მთავრობის მიერ მოზიდული მთლიანი შიდა ვალის მოცულობა 900 მილიონ ლარამდე იზრდება.

თითქმის 1-მილიარდიანი შიდა ვალი საქართველოს მთავრობას აქამდე არ აუღია.

ბიუჯეტის განმარტებით ბარათის მიხედვით, დამატებითი სახსრების მობილიზება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო ხდება. მათ შორის ერთ-ერთი ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 221 მილიონი ლარით ზრდაა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შიდა ვალი 500 მილიონი ლარით იზრდება, საგარეო ვალის მომსახურების გაძვირებაა, რაც სხვა მიზეზთა შორის ეროვნული ვალუტის გაუფასურებით არის გამოწვეული.

განმარტებით ბარათში წერია:

“2019 წლისათვის დამატებითი რესურსის მობილიზება ასევე ხორციელდება სახელმწიფო ფასიანი ქაღლდების გამოშვებით მიღებული შემოსულობების ხარჯზე. 2019 წელს ჯამურად მოხდება 900 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ნაცვლად თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული 400.0 მლნ ლარისა) ფასიანი ქაღალდების გამოშვების ზრდა დაკავშირებულია, როგორც ბაზრის განვითარების ღონისძიებებთან, კერძოდ, გასულ წელს განხორციელდა ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვება, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელდეს 2020 წლის იანვარში და შესაბამისად, მიმდინარე წლის ბოლომდე საჭიროა რესურსების მობილიზება, ასევე, მუნიციპალიტეტებში დაწყებული კაპიტალური პროექტების დამატებითი დაფინანსებისათვის საჭიროა რესურსების მობილიზება.

მობილიზებული რესურსის ნაწილი მიიმართება განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად, კერძოდ ასაკით პენსიონერი პრაქტიკოსი იმ მასწავლებლების ჯილდოების გასაცემად, რომლებიც ტოვებენ განათლების სისტემას, ასევე რესურსები გათვალისწინებულია მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდისთვის.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2019 წელს დაიწყო მასშტაბური საგზაო პროექტები, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით. კომპლექსურობის გათვალისწინებით, რიკოთის მონაკვეთის ზოგიერთ კომპონენტზე პროექტის დონორული დაფინანსების ათვისებამ ნაწილობრივ გადაინაცვლა შემდეგ წლებში, თუმცა დონორული დაფინანსების ათვისების პროგნოზის შემცირების მიუხედავად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ასათვისებელი ბიუჯეტი ჯამურად იგივე რჩება და ხდება საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში დასაფინასნებელი იმ პროექტების აქსელერაცია, რომლებიც გათვალისწინებული იყო საშუალოვადიან ჩარჩოში.

სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში მიმდინარე წელს ასევე დაიწყო რამდენიმე ახალი მუნიციპალური პროგრამის განხორციელება (ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის ამბულატორიების მშენებელობა (23 მლნ ლარი) და სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამისათვის (17 მლნ ლარი) გამოიყო შესაბამისი რესურსები), ხოლო სოფლის ხელშეწყობის პროგრამისათვის გათვალისწინებული თანხები თავდაპირველი 20 მლნ ლარის ნაცვლად გაიზარდა 40 მლნ ლარამდე. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება მუნიციპალიტეტების მიერ, მათ შორის დამატებითი რესურსის გამოყოფა ხორციელდება ქ. თბილისში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. ასევე გასათვალისწინებელია, რომ დეცენტრალიზაციის ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელდა რესურსების მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემა სკოლების რეაბილიტაციის და მოსწავლეთა ტრანსპორტირების ფუნქციების ნაწილობრივი განხორციელებისათვის. 2019 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი დეფიციტი (საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის მეთოდოლოგიით) ნარჩუნდება მშპ-ის 2.6%-ის ფარგლებში, ხოლო „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დეფიციტი განისაზღვრება მშპ-ის 2.7%-ით (ზღვარი 3%),” - ნათქვამია განმარტებით ბარათში.