მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუროკრატია და არაეფექტიანობა რა პრობლემები აქვს WHO-ს? - ანდრია ურუშაძის მოსაზრება

5eafdd24014a9
შოთა ტყეშელაშვილი
04.05.20 13:10
1412
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის საპასუხოდ დაგვიანებული ნაბიჯების გამო, საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორგანიზაციისთვის 60-დან 90 დღემდე ვადით, დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო.

ჯანმოს პოლიტიკის და COVID-19-თან დაკავშირებული პასუხის შესახებ BMG ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტსა და საქართველოს ჯანდაცვის ექს-მინისტრ ანდრია ურუშაძეს ესაუბრა. ურუშაძის თქმით, დღეს WHO-ს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ორგანიზაციაში რეალური ცვლილებების აუცილებლობაში მდგომარეობს. ურუშაძე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის ბიუროკრატული მოწყობა, არასაჭირო ხარჯები, ტენდენციურობა ცალკეული რეფორმების შეფასებაში და სხვა საკითხები WHO-ს პრობლემებს წარმოადგენენ.

ამასთან, არსებული კრიზისის ფონზე, თავად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელიც, ტედროს ადანომ გებრეისუსი გამადიდებელი შუშის ქვეშ მოექცა და მის მიერ, ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრობისას მიღებული გადაწყვეტილებები ხელახლა გახდა კრიტიკის საგანი. კერძოდ კი საუბარია ეთიოპიაში ქოლერას ეპიდემიაზე, როდესაც ქვეყნის მთავრობა ეპიდემიის დასამალად ამ დაავადების სხვა სახელით აღრიცხვას ახდენდა. 

ანდრია ურუშაძე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესახებ:

“გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა როგორც თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესახებ, რომელიც აშკარად საჭიროებს რეფორმებს. ასევე, მისი ხელმძღვანელის შესახებ, რომელიც არ იყო მზად შეესრულებინა ლიდერის როლი. მას გაუხსენეს ყველაფერი. გაუხსენეს ის, რომ ის იყო მარქსისტ-ლენინური პარტიის წარმომადგენელი, გაუხსენეს ის, რომ თავის დროზე, როდესაც ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრი იყო, მან დამალა ქოლერის ეპიდემია და ამ დაავადებას მწვავე წყლიან დიარეას ეძახდნენ. ასევე ის რომ მას კავშირები ჰქონდა ჩინეთთან და მხარდაჭერა ჰქონდა იმ ქვეყნებისგან, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით არ გამოირჩევიან.

თუმცა, პანდემიაც რომ არ ყოფილიყო, ამ ორგანიზაციის რეფორმირებაზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი. რამდენად ეფექტურად ხარჯავს ის გამოყოფილ ხარჯებს, რამდენად შეიძლება შემცირდეს ფუფუნებაზე გამოყოფილი ხარჯები და რაც მთავარია რამდენად მზად არის ეს ორგანიზაცია შეასრულოს ლიდერის როლი საერთაშორისო თანამშრომლობაში, როდესაც მთელ მსოფლიოს ემუქრება COVID-19-ის პანდემია.

ბატონმა ტედროსმა 30 იანვარს უკვე განსაკუთრებული საშიშროება გამოაცხადა, თუმცა ამ დროს უკვე დაგვიანებული იყო ეს ყველაფრი. ფაქტი, რომ დროზე არ მოხდა განგაშის ატეხვა, მეტყველებს იმაზე, რომ ორგანიზაცია არ იყო მზად იმისთვის, რათა მოეხდინა რეაგირება. ამის გამართლება არის ის რომ ვირუსი ჯერ კიდევ ახალი იყო და მისი ბუნების შესახებ ცოტა ინფორმაცია იყო ცნობილი, მაგრამ ეს უკვე გამოძიების საგანი გახდა თუ რამდენად მოახდინა გავლენა ჩინეთის მთავრობამ დაგვიანებით გამოცხადებაზე.

ველოდებით რომ ეს ორგანიზაცია გახდეს უფრო ეფექტური. განსაკუთრებით ისეთ პანდემიებთან ბრძოლაში, როგორსაც დღეს ჩვენ ვხედავთ.

სხვათა შორის ერთი მნიშვნელოვანი შეფასება WHO-სთან მიმართებით ბილ გეითსმა გააკეთა. რომ შეიძლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს ნაკლი, მაგრამ დღეს არ არსებობს სხვა ორგანიზაცია, რომელიც მას ჩაანაცვლებს. ანუ ეს ორგანიზაცია თავის როლს ასრულებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობის ფუნქცია. სხვა მსგავსი პლატფორმა არ არსებობს.

WHO აქტიურად მონაწილეობს კვლევებში, ვაქცინის წარმოებაში, სამეცნიერო პოტენციალის გაერთიანებაში. მნიშვნელოვანია მისი როლი კონკრეტული ქვეყნების დახმარებაში. მაგრამ რჩება ერთი კითხვა, როგორ უნდა შეიცვალოს ის? - სამწუხაროდ დღემდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ძალიან დიდია ბიუროკრატიული წნეხი. ძალიან ბევრი ფული იხარჯება თუნდაც ფუფუნებაზე.

ორი წლის წინანდელი კვლევა იყო, რომ მის ერთ თანამშრომელზე დახარჯული სამოგზაურო ხარჯი მეტია, ვიდრე ესპანეთის მშპ ერთ მოსახლეზე.

საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანია თუ რამდენად სწრაფად შეუძლია რეაგირება საერთაშორისო კრიზისებზე და მომხდარმა აჩვენა, რომ ასეთი მექანიზმები არ არის.

თავად ბატონმა ტედროსმა თქვა, რომ “ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციების გაკეთება შეგვიძლია და სხვა არაფრის” - ეს ამ სიტუაციაში პასუხი არ არის.

ქვეყნების თანამსრომლობაც გადაიქცა მოსაწყენ, ბიუროკრატიულ რუტინად. ბევრი რეკომენდაცია, რომელსაც გამოიმუშავებენ ისინი კონკრეტული ქვეყნებისთვის, ხშირად არ არის რელევანტური ამ ქვეყნების სოციალურ ეკონომიკური სიტუაციისთვის. ეს ყველაფერი კი იწვევს კითხვებს.

მეც ვთანამშრომლობ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ბოლო კონტრაქტი მქონდა, როგორც ერთ-ერთ ექსპერტს. ერთ-ერთი ქვეყნისთვის ჩვენ ვწერდით გრძელვადიან სტრატეგიას. WHO-ს საექსპერტო პოტენციალი არის ძალიან დიდი, მაგრამ აქ არის მთავარი კითხვა - რამდენად ხდება ამ პოტენციალის გამოყენება, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია.

რომ შეხვიდეთ მათ სტატისტიკაში ქვეყნების შესახებ, დაინახავთ, რომ მოძველებული ციფრებია, ხშირად ეს ციფრები არ ასახავს რეალობას, ხშირად ტენდენციურია სხვადასვხა ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების შეფასება და რაც მთავარია, რომ ხშირად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირება ამ ორგანიზაციაზე გავლენის მოსაპოვებლად, ისევე როგორც გაეროს სხვა სტრუქტურაში.

თუ მოვახერხებთ, რომ ეს ბიუროკრატიული მექანიზმი იქნება მინიმიზირებული და ფულის მთავარი ნაწილი დაიხარჯება სწორედ ტექნიკური დახმარების მექანიზმებისა და რეაგირების მექანიზმების განვითარებაში, რომ არსებობდეს
საკმარისი რეზერვები, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური, რომ ქვეყანამ სწრაფად უპასუხოს მსგავს გამოწვევებს,”- გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა ანდრია ურუშაძემ.