მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუროკრატია: მუნიციპალური აიპ-ების და შპს-ების სახელფასო ფონდები 390 მილიონს აჭარბებს

606d639beacfa
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.21 11:52
2437
მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების ანუ არასამეწარმეო იურიდიული პირების სახელფასო ფონდებმა 2020 წელს 190 მილიონი ლარი შეადგინა, მუნიციპალური შპს-ების სახელფასო ფონდები 2019 წელს კი 200 მილიონ ლარამდე იყო. 

IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სწორედ ამ ორგანიზაციების შემოსავლების და სახელფასო ხარჯების შესახებ არის საუბარი. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, შესწავლილი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების სახელფასო ფონდების საერთო მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 14%-ით იზრდება. ამასთან, 35 მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 5%-ით იზრდება. 

IDFI-ის ანგარიშის თანახმად:

- "ცაგერის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია 1,000 მდე თანამშრომელი, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მხოლოდ 8,800 პირს შეადგენს.

- 2019-2020 წლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები თითქმის 4,000 პირს ასაქმებდნენ. ამ თვალსაზრისით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება რუსთავის მაჩვენებელს, ხოლო სამჯერ აღემატება გორის მაჩვენებელს.

- 2020 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების საერთო ბიუჯეტი 263,296,876 ლარს შეადგენდა. სადაც დასაქმებული იყო 3,942 პირი, ხოლო შრომის ანაზღაურებაზე გაწეული საერთო ხარჯი 30 მილიონ ლარს აღწევდა.

- კვლევის ფარგლებში შესწავლილი 10 უმსხვილესი მუნიციპალური საწარმოს (თბილისის გარდა) შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი 2019 წელს 18,284,225 ლარს შეადგენდა. მათი უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს და მუნიციპალური ბიუჯეტიდან სუბსიდირდება.

- ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბუღალტრები, საქმის მწარმოებლები და შესყიდვების სპეციალისტები ძირითადად თბილისის ა(ა)იპ-ებში გვხვდებიან, სადაც მათი საშუალო ანაზღაურება, დაახლოებით, ორჯერ აღემატება ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმებულთა მაჩვენებელს;

- შესწავლილი ა(ა)იპ-ების 12 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელიდან ყველა დასაქმებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში და მათი ანაზღაურება 3000-იდან 6000 ლარამდე მერყეობს", - ნათქვამია დოკუმენტში. 

IDFI-ის ანალიზის თანახმად, 2018-2020 წლების მონაცემები აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში (ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში) კვლავ სტაბილურად მზარდია დასაქმებულთა რაოდენობა და შესაბამისად, მათი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.

"იურიდიული პირების საშტატო ნუსხების ანალიზი აჩვენებს, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ანაზღაურების არაერთგვაროვანი პრაქტიკაა, რაც გამოიხატება ერთი და იგივე სამუშაო პოზიციაზე მნიშვნელოვნად განსხვავებული ანაზღაურების ოდენობით. განსაკუთრებით საყურადღებოა ცალკეული მუნიციპალიტეტების მაგალითები, სადაც საეჭვოდ მაღალია მოსახლეობის საჯარო ა(ა)იპ-ებში დასაქმების კოეფიციენტი და დაბალია საშუალო ანაზღაურება, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების მცდელობაზე.

მუნიციპალურ იურიდიულ პირებში დასაქმებულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს შორის არსებული დისბალანსი განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისის მუნიციპალიტეტსა და რეგიონებს შორის. ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიციები თბილისშია თავმოყრილი. ამასთან, მსგავს პოზიციებზე არსებულ ანაზღაურებებს შორის განსხვავება, ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულია, ზოგადად, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასებს შორის არსებულ განსხვავებებთან მიმართებით. შესაბამისად, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში არსებული სახელფასო პოლიტიკის პრაქტიკა ხელს უწყობს სოციალური უთანასწორობის გაღრმავებას რეგიონებსა და დედაქალაქს შორის.

კვლევის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მათი დაქვემდებარებული იურიდიული პირების შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი. კერძოდ, მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მიერ არასრულყოფილად გაცემული მონაცემები, არაერთგვაროვანი აღრიცხვის მეთოდები და მონაცემების გაცემისთვის გამოყენებული ფორმატები (მწირია დამუშავებად ფორმატებში მიღებული დოკუმენტების წილი), მნიშვნელოვნად ართულებს სრულფასოვანი ანალიზის შესაძლებლობებს," - ნათქვამია კვლევაში.