მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუროკრატიის ზომა და ტენდენცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

5f1c4010cce23
ეგნატე შამუგია
25.07.20 19:00
2587
ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ფაქტორი ადამიანური კაპიტალის (სამუშაო ძალა) პროდუქტიულობის ზრდაა, რაც განათლების დონით და ტექნოლოგიური პროგრესით მიიღწევა. შესაბამისად, რაც უფრო კვალიფიციურია შრომის ბაზარი, მით მაღალი ეკონომიკური განვითარების ნიშნულები. თავის მხრივ, ინსტიტუციონალურ ჭრილში სამუშაო ძალი დამსაქმებელი კერძო და საჯარო სექტორია. ამ უკანასკნელის მხრიდან სამუშაო ძალაზე მოთხოვნა საჯარო მმართველობის და საჯარო კორპორაციები (საწარმოები) მიერ ფორმირდება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამუშაო ძალის ძირითადი დამსაქმებელი კერძო სექტორია, ხოლო საჯაროს წვლილი მინიმალური. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, კავკასიის რეგიონის განხილვა, რადგან სამივე ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაცია და საბაზრო პრინციპების დანერგვა თითქმის ერთდროულად დაიწყო.



სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან დასაქმების კუთხით ყველაზე უკეთესი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, სადაც სამუშაო ძალის საშუალოდ 94.8% დასაქმებულად ითვლება (სომხეთი - 82.0%, საქართველო 84.2%), მაგრამ სხვებთან შედარებით საჯარო სექტორის წილი მაღალია. 2008-2018 წლებში აზერბაიჯანის მთლიან დასაქმებაში საჯარო სექტორის წილი საშუალოდ 25.8%-ია, რაც საქართველოს შემთხვევაში 17.1%-ს, ხოლო სომხეთში კი 21.9%-ს შეადგენს. თუმცა აღსანიშნავია ამავე პერიოდის ტენდენცია. დასაქმებაში საჯარო სექტორის წილი სომხეთის შემთხვევაში ზრდადია, ხოლო აზერბაიჯანში კი - კლებადი. მაგალითად, სომხეთში საჯარო სექტორის წილი 8.3 პ.პ.-ითაა გაზრდილი, ხოლო აზერბაიჯანში კი 5.9 პ.პ. -ით შემცირებული. საქართველოში კი ამ უკანასკნელს გამოკვეთილი ტენდენცია არ ახასიათებს, მაგრამ ბოლო წლების ზრდა შესამჩნევია. თავის მხრივ, საჯარო სექტორის დასაქმების მოსახლეობაზე განაწილებაც მსგავსი ტენდენციით ხასიათდება.

2008-2018 წლებში, 10 ათას მოსახლეზე განაწილებული საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში საშუალოდ 759 პირია, რაც სომხეთში 40-ით მეტი, 799 პირი იყო. რაც შეეხება აზერბაიჯანს - აქ, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 1 236 პირს შეადგენს და ბოლო წლებში შემცირებულია. თუმცა, აზერბაიჯანის შემთხვევაში საჯარო სექტორის დასაქმების მაღალი წილი უშუალოდ საჯარო მმართველობას ნაკლებად უკავშირდება, ვიდრე ეს სომხეთსა და საქართველოში. აზერბაიჯანში საჯარო კორპორაციების რაოდენობა შედარებით ბევრია, რომლებიც ძირითადად ბუნებრივ რესურსებს განკარგავენ. საერთო ჯამში, მათი წილი მთლიან მშპ-ში, დაახლოებით, 45%-ია, სადაც მხოლოდ აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის (სოკარი) კონტრიბუცია 40%-ის ფარგლებშია. შედარებისთვის, საქართველოში საჯარო კორპორაციების წვლილი დოვლათის შექმნაში დაახლოებით 4%-ია. შესაბამისად, აზერბაიჯანის შრომის ბაზარზე საჯარო სექტორის მხრიდან მნიშვნელოვანი დამსაქმებელი საჯარო კორპორაციებია.

საჯარო სექტორის ნაწილი საჯარო მმართველობის პროცესში საჯარო სერვისების მიწოდებისთვის გამოყენებული რესურსებია, რაც შედარებით განსხვავებულია. კერძოდ, აღნიშნული არა სამეწარმეო საქმიანობას, არამედ მთავრობის ფუნქციების შესრულებას გულისხმობს. ეს კი ბიუჯეტის მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებს მოიცავს. თავის მხრივ, ბიუჯეტის ხარჯები მთავრობის ზომას და ეკონომიკიდან ფისკალური ინსტრუმენტებით - გადასახადების და სხვა საშუალებებით რესურსების ამოღებას, განკარგვას და განაწილებას ასახავს. ამ მხრივ, 2008-2018 წლებში სამივე ქვეყნის შემთხვევაში ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები მშპ-სთან მიმართებით 25%-37% -იან შუალედს იკავებს. აზერბაიჯანის მაჩვენებელი საშუალოდ 33.6%, ხოლო საქართველოს კი - საშუალოდ 31.2%, რაც ბოლო წლებში, განსხვავებით აზერბაიჯანისა და სომხეთისგან, შემცირებულია. სომხეთში კი მთავრობის ზომა საშუალოდ 27.7%-ია.



მეორე მხრივ, მთავრობის მიერ საჯარო სერვისების მიწოდებისთვის გამოყენებული ადამიანური რესურსების დანახარჯები განსხვავებულია. მაშინ, როცა აზერბაიჯანში მთავრობის ზომა შედარებით დიდია, შრომის ანაზღაურების ხარჯები კი შედარებით მცირეა. კერძოდ, 2008-2018 წლებში შრომის ანაზღაურება მშპ-სთან მიმართებით საშუალოდ 3.7%-იან ნიშნულს იკავებს, რასაც მთავრობის ზომის ზრდის მიუხედავად კლების ტენდენცია ახასიათებს. ხოლო, სომხეთში, სადაც მთავრობის ზომა შედარებით მცირეა, ბიუროკრატიის ანაზღაურების ხარჯები უფრო მაღალია. 2008-2018 წლებში შრომის ანაზღაურება მშპ-სთან მიმართებით საშუალოდ 5.5%-ია, რაც საქართველოს შემთხვევაში საშუალოდ 0.5 პ.პ.-ით ნაკლები, 5.0%-ს შეადგენს. საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯები გამოკვეთილად შემცირებულია. ამდენად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ საჯარო სერვისს აზერბაიჯანი აწარმოებს, რასაც ყველაზე ნაკლები დანახარჯებით ახორციელებს. სომხეთსა და საქართველოში კი, განსხვავებული სურათია.

როგორც ვნახეთ, საქართველოში შრომითი რესურსები გამოყენება უფრო მეტად კერძო სექტორი მიერ ხდება, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. თავის მხრივ, აზერბაიჯანში ეკონომიკის წამყვან სექტორებში საჯარო კორპორაციები ოპერირებენ, რაც საჯარო სექტორის მიერ შრომის ბაზარზე მაღალ მოთხოვნას განაპირობებს. სექტორის ნაწილი არამხოლოდ სამეწარმეო ორგანიზაციები, არამედ საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოები - სახელმწიფო აპარატია, ხოლო მის მიერ გამოყენებული რესურსები კი მთავრობის ზომას ასახავს. ამ კუთხით, სამივე ქვეყნის შემთხვევაში ეკონომიკასთან მიმართებით მეტნაკლებად თანაბარი რესურსების გამოყენება ხდება, რისთვისაც სომხეთსა და საქართველოს გაცილებით მეტი ბიუროკრატიული დანახარჯი გააჩნია, ვიდრე აზერბაიჯანს. ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამივე ქვეყნაში ბიუროკრატიის წილი არსებითად არ იცვლება და განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებთან შედარებით დაბალი.