მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს ასოციაცია ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმება

5e70da272bf31
ინგა მურუსიძე
17.03.20 18:12
894
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესში განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებენ.

როგორც ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გააგრძელონ ფიქრი რეგულაციების შემდგომ შერბილებასა თუ სხვა დამატებით ღონისძიებებზე იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზარზე, რამაც, მათ შორის, ასევე დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დასტაბილურებაზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის იყო და რჩება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების მხარდამჭერი, რაც აუცილებლად გულისხმობს რისკების სათანადო შეფასებასა და მართვას და სესხების იმ პირებზე გაცემას ვისაც აღებული სესხების უკვე შემდგომი მომსახურებისათვის ადეკვატური შემოსავლის წყაროები გააჩნია.
ამავდროულად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ყველა დაინტერესებლ მხარესთან, პირველ რიგში კი საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, აქტიურად მუშაობდა, რათა მომხდარიყო “ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ” დებულებით გათვალისწინებული ახალი წესების გადახედვა, მათი საჭირო და აუცილებელი შერბილების მიზნით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო გლობალურად შექმნილმა პრობლემებმა გააჩინეს ახალი გამოწვევები, რომლებიც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას იქონიებს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გააგრძელონ ფიქრი რეგულაციების შემდგომ შერბილებასა თუ სხვა დამატებით ღონისძიებებზე იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზარზე, რამაც, მათ შორის, ასევე დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დასტაბილურებაზე.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ლარის გაცვლითი კურსი ბოლო წლებში იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის ბიზნესისა და შესაბამისად ეკონომიკის მდგომარეობის მთავარი ბარომეტრი.

ასევე, როგორც პრაქტიკამ ცხადყო, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები ზედმეტად მკაცრი რეგულაციების გარეშეც უმკლავდებიან საკუთარი რისკების შეფასებისა და მართვის პასუხისმგებლობას, რაც ცალსახად იმედისმომცემია და რისიც ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.