მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნეს ფორუმი საქართველოში მეტი ავსტრიული და ევროპული კომპანიის შემოსვლას შეუწყობს ხელს“

6166a41414c86
ვიქტორია მღებრიშვილი
13.10.21 21:05
576
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის განცხადებით, ვენაში გამართული საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მეტი ავსტრიული და ევროპული კომპანიის შემოსვლას შეუწყობს ხელს.

მისი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული საქართველო - ავსტრიის ბიზნეს ფორუმი მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში ქართველ და ავსტრიელ ბიზნესმენებს შორის ასეთი მასშტაბური შეხვედრა არ გამართულა.

გენადი არველაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 190-ზე მეტი ავსტრიული კაპიტალით შექმნილი კომპანია ფუნქციონირებს.

„მსგავსი ფორუმები ხელს შეუწყობს უფრო მეტი ავსტრიული და ევროპული კომპანიის შემოსვლას საქართველოში ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც გაზრდის უცხოური ინვესტიციების მოცულობას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ბიზნეს ფორუმი მასში მონაწილე ბიზნესების მხრივ მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი იყო. ისინი წარმოადგენდნენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, განათლება და სხვა. ფორუმში 10-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს შორის, რომლის დროსაც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, გენადი არველაძე, სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავს.